Thumbnail
  • როტორის მთავარმა მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა
  • ალეკსანდრ ხაცკევიჩმა კახა კალაძესთან დაკავშირებული ამბავიც გაიხსენა

ვოლგოგრადის როტორის მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ ხაცკვიჩმა ქართველი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. ბელარუსი სპეციალისტის განკარგულებაში მიმდინარე სეზონში ოთხი ქართველია (ზურიკო დავითაშვილი, საბა კვერკველია, ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი) და როგორც თქვა, მათთან მუშაობა ადვილია, რადგან პროფესიონალები არიან.

"როდესაც კიევის დინამოში კალაძესთან და დემეტრაძესთან ერთად ვთამაშობდი, ნამდვილად სასიამოვნო იყო და როტორშიც ასეა. მატჩი ან ვარჯიში როგორც კი მთავრდება, გასახდელში ხმაურია, ბიჭები თამაშს მშობლიურ ენაზე ხმამაღლა, იუმორისტული ჟესტიკულაციით განიხილავენ, ქართულ მუსიკას უსმენენ. მათთან მუშაობა ადვილია, ოთხივე პროფესიონალია და გუნდის პრინციპებს პატივს სცემენ", - თქვა ბელარუსმა სპეციალისტმა.

ალეკსანდრ ხაცკევიჩი და ზურიკო დავითაშვილი

ხაცკევიჩმა საბა კვერკველიაზეც ისაუბრა, რომლის შესახებ დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას 8 კილოგრამით ზედმეტი წონა, ასე უპასუხა: "ნაკლები, მაგრამ თვალშისაცემი იყო. ფიზიკური მომზადების მწვრთნელან მუშაობის წყალობით თავი მოიწესრიგა, ფორმაში ჩადგა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვრისკავდით, როდესაც მას ძირითადში ვათამაშებდით, რადგან ჯერ კიდევ არ იყო 100%-ით მზად, მაგრამ მისი გამოცდილების იმედი გვქონდა. ეს ალბათ ყოველთვის გამართლებული არ იყო. იმისთვის, რომ ძველი კვერკველია გახდეს, რომელიც ლოკომოტივის დაცვის ბურჯი იყო, საიმედოობის კოეფიციენტი უნდა გაზარდოს".

47 წლის მწვრთნელს ჯანო ანანიძეზეც მოუწია საუბარი. ქართველი როტორში მცირე ხნით იყო და შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტა თავად მოინდომა. ხაცკევიჩი ჯანოს ამ საქციელს აფასებს: "ღირსეულად მოიქცა. როდესაც მიხვდა, რომ მუხლის ტრავმის გამო როტორს ვერ დაეხმარებოდა, კონტრაქტის გაწყვეტა შემოგვთავაზა. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ყველა ფეხბურთელი ასე არ მოიქცეოდა. როდესაც ვთქვი, რომ კარიერას ასრულებდა, ალბათ, მისი ნათქვამი არასწორად გავიგე", - თქვა მან.

ინტერვიუში ხაცკევიჩმა კიევის დინამოში თამაშის პერიოდში, კახა კალაძესთან დაკავშირებული კურიოზიც გაიხსენა: "კახა კიევის დინამოში ახალი გადმოსული იყო და რუსულად ძლივს ლაპარაკობდა. მე ვეხმარებოდი. ერთხელ, მანქანით ქალაქში დავდიოდით. მოულოდნელად, კახამ მუხლზე ხელი დამადო და მეკითხება: "დღეს სახლში მარტო ხარ?" ხელი მუხლიდან მოვაშორებინე და ვუპასუხე: "კახა, სხვათა შორის, მე დაქორწილებული ვარ". სიცილი დაიწყო და ამიხსნა, რომ სულ სხვა რამეს გულისხმობდა. უნდოდა, გაეგო, შეგვეძლო თუ არა საღამოს რესტორანში წასვლა. ძალიან ინტიმური სიტუაცია კი გამოვიდა", - იხსენებს ხაცკევიჩი.

90-იანი წლების ბოლოს კიევის დინამო ევროპაში გამორჩეული გუნდი იყო

შეგახსენებთ, რომ ალეკსანდრ ხაცკევიჩი კიევის დინამოში 1996-2004 წლებში თამაშობდა და კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდიც უკრაინულ გუნდში გაატარა. სწორედ კიევურ გუნდში იყო ის კახა კალაძისა და გიორგი დემეტრაძის თანაგუნდელი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები