Thumbnail

‘კორონას ასაკიდებლად დატოვეს’ – ბარსელონამ ერტელი თვითმფრინავში არ აუშვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კატალონიურ გრანდს სამარცხვინო ნაბიჯის გამო ყველა აკრიტიკებს
  • ბარსელონამ ფრანგ კალათბურთელს მორიგი ულტიმატუმი წაუყენა

ესპანური ბარსელონასა და ფრანგი კალათბურთელის ტომა ერტელის ურთიერთობა უცნაურ სახეს იღებს. კლუბი და ცნობილ მოთამაშე ერთმანეთს მწარედ წაეკიდნენ, კატალონიელთა უცნაურ ნაბიჯს კი საკალათბურთო სამყაროში მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა.

საუბარია ამბავზე, რომელიც ევროლიგის ბოლო ტურში მოხდა. კატალონიური გრანდი სტამბულში ანადოლუ ეფესთან სათამაშოდ იყო ჩასული და 79:86 წააგო, ფრანგი კალათბურთელი კი გუნდის განაცხადშიც არ ყოფილა და მატჩს თვალი ტრიბუნიდან მიადევნა.

ბარსელონას ხელმძღვანელობა ფრანგ ლეგიონერს მას შემდეგ გაუნაწყენდა, რაც მისი აგენტი ტყუილში გამოჭირა. ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ ერტელი ტრანსფერზე მოლაპარაკებას თურქულსავე ფენერბაჰჩესთან აწარმოებდა, სინამდვილეში კი, კალათბურთელი მადრიდის რეალში გადასვლაზე ფიქრობდა.

განაცხადს მიღმა დატოვება კიდევ გასაგებია, თუმცა, რაც აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ბარსელონამ ჩაიდინა, ყველა გააკვირვა. საქმე ის გახლავთ, რომ საფრანგეთის ნაკრების კალათბურთელი ბარსელონას თვითრმფრინავში არ აუშვეს და შესთავაზეს, ესპანეთში თავისი ხარჯებით დაბრუნებულიყო.

ამან ერტელის კოლეგები ძალიან გააბრაზა და მათ აღშფოთებაც საჯაროდ გამოხატეს. ერთ-ერთი ტომას ძველი მეგობარი, ამერიკელი მაიკ ჯეიმსი იყო, რომელიც ამჟამად თორნიკე შენგელიას თანაგუნდელია და მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავს. მისი თქმით, თურქეთში უპატრონოდ დარჩენილი ერტელი მისმა თანამემამულე როდრიგ ბობუამ შეიფარა, ვინც ანადოლუ ეფესში თამაშობს. საინტერესოა, რომ ჯეიმსი, ცსკას კიდევ ერთი კალათბურთელი დარუნ ჰილარდი და რუსული გრანდის პრეზიდენტი ანდრეი ვატუტინი ტომას ლიონის აეროპორტში შეხვდნენ. ერტელი ბარსელონაში დაბრუნებას სწორედ საფრანგეთის გავლით გეგმავდა, ცსკა კი იქ ვილერბანთან სათამაშოდ იყო ჩასული.

“ჩემი და ერტელის მეგობრობა კალათბურთზე მეტია. სად იქნებოდა ეხლა ტომა, რომ არა ბობუა? ალბათ, ამ დრომდე სტამბულში იხეტიალებდა და კორონავირუსს აიკიდებდა. ადამიანებს უბრალოდ შეცდომის აღიარება და იმის თქმა უნდა შეეძლოთ, რომ გადაამლაშეს. ისეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომლებიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. ამ საკითხის მოგვარება იოლად შეიძლება”, - განაცხადა ჯეიმსმა.

ტომა ერტელი ბარსელონაში 2017 წელს ჩაირიცხა

საინტერესოა, რომ ინციდენტის შემდეგ, ბარსელონას ხელმძღვანელობამ გუნდის კალათბურთელებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და 13-ვე მოთამაშემ ერტელის გუნდში დაბრუნებას მისცა ხმა. მიუხედავად ამისა, ბარსას გენერალური მენეჯერი ნაჩო როდრიგესი და ლიეტუველი მთავარი მწვრთნელი შარუნას იასეკივიჩიუსი ამ ნაბიჯს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

ბარსელონას ბოლო შეთავაზება ასეთია: კლუბი მზადაა ფრანგ ლეგიონერთან კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტოს, ოღონდ მას არანაირ თანხას არ გადაუხდის და თანაც, ტომას სხვა ესპანურ კლუბში გადასვლის უფლება არ ექნება. ამასთან, თუკი ერტელი ამ შეთავაზებას არ მიიღებს, მას თამაში ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდში მოუწევს, რაც მისი დონის კალათბურთელისთვის ნამდვილად შეურაცხმყოფელი იქნება.

ცნობისთვის, 31 წლის ერტელმა კარიერა საფრანგეთში პო ორტეზსა და სტრასბურგში დაიწყო, შემდეგ კი, ესპანურ ალიკანტესა და ბასკონიაში და ხსენებულ ანადოლუ ეფესში ითამაშა. ფრანგი კალათბურთელი ბარსელონაში 2017 წელს ჩაირიცხა და ესპანეთის თასის 2-გზის გამარჯვებული და ფინალური მატჩების ასევე 2-გზის MVP გახდა, თუმცა, მიმდინარე სეზონში საქმეები აერია. ის საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დაახლოებით 10 წელია თამაშობს და 2013 წლის ევრობასკეტის ჩემპიონი და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
 

კომენტარები

ბოლო ამბები