Thumbnail

UFC წლის საუკეთესოებს ავლენს - ნომინანტებში ჯოჯუა, დვალიშვილი და ჭიკაძეც არიან

  • Championat და UFC წლის საუკეთესოების გამოსავლენად გამოკითხვას ატარებენ
  • ნომინანტთა შორის ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი და გიგა ჭიკაძეც არიან
  • ქართველ სპორტსმენებს გულშემატკივართა მხარდაჭერა სჭირდებათ

რუსულმა საიტმა championat.com-მა, UFC-ისთან ერთად, 2020 წლის საუკეთესო მებრძოლების გამოსავლენად გამოკითხვა წამოიწყო. რჩეულები 7 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან და სასიხარულოა, რომ წლის მთავარ გმირებს შორის ერთბაშად სამი ქართველი სპორტსმენია: ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი და გიგა ჭიკაძე. 
 
ნომინანტების შერჩევა ორგანიზაციის ექსპერტების მიერ განხორციელდა, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა გულშემატკივრებმა უნდა თქვან. ხმისმიცემა ამ გვერდზე 24 დეკემბრიდან დაიწყო და 9 იანვარს დასრულდება. ნომინანტებთან ერთად წარმოდგენილია მათი ბრძოლების ვიდეორგოლებიც.

"წლის გარღვევის" ნომინაციაში, სადაც სულ 5 ნომინანტია წარმოდგენილი, ერთბაშად ორი ქართველი მებრძოლი მოხვდა - მერაბ დვალიშვილი და გიგა ჭიკაძე. 

მერაბ დვალიშვილმა წელს UFC-ში სამი ბრძოლა გამართა და სამივეში გამარჯვება იზეიმა. 29 წლის მებრძოლმა კეისინი კენი, გუსტავო ლოპესი და ჯონ დოდსონი, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. დვალიშვილმა UFC-ში საწყისი ორი ორთაბრძოლა დათმო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ხუთი გამარჯვება იზეიმა და ახლა მერვე ბრძოლისთვის ემზადება.

📺 დვალიშვილის ჰაილაითები

2020 წელს დაუმარცხებელი იყო 32 წლის გიგა ჭიკაძეც, რომელმაც ოთხი ბრძოლის გამართვა მოასწრო. გიგამ ჯამალ ემერსს, ირვინ რივერას და ომარ მორალესს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო, ჯეიმს სიმონსს კი პირველსავე რაუნდში, ნოკაუტით აჯობა. გიგას UFC-ში სულ 5 ბრძოლა აქვს ჩატარებული და დაუმარცხებელია.

📺 ჭიკაძის ჰაილაითები

25 წლის ლიანა ჯოჯუამ, რომელსაც UFC-ში დებიუტი 2019 წლის შემოდგომით ჰქონდა, 2020-ში სულ ორი შეხვედრა გამართა. ქართველმა მებრძოლმა აბუ დაბიში რუმინელი დიანა ბელბიტას დამარცხება პირველსავე რაუნდში მოახერხა და UFC-ში პირველი და ჯერჯერობით ბოლო გამარჯვება იზეიმა. ნომინაციაში "წლის საბმიშენი" ("წლის დანებება") სწორედ ლიანას მიერ ბალბიტასთან შესრულებული მტკივნეული ილეთი მოხვდა.

სამწუხაროდ, ჯოჯუას წლის მეორე შეხვედრაში არ გაუმართლა. ამერიკელ მირანდა მავერიკთან შეხვედრის პირველსავე რაუნდში ლიანას ცხვირი გაუტყდა და სისხლი წასკდა, რის გამოც მსაჯებმა ბრძოლის გაგრძელების ნება აღარ მისცეს.

📺 ჯოჯუას საბმიშენი

მამაკაცთა შორის 2020 წლის მებრძოლის ტიტულისთვის იბრძვიან: ისრაელ ადესანია (ახალი ზელანდია), პიოტრ იანი, ხაბიბ ნურმაგომედოვი (ორივე რუსეთი), დეივესონ ფიგერედო (ბრაზილია) და იან ბლახოვიჩი (პოლონეთი). 

კომენტარები

ბოლო ამბები