Thumbnail

რუსულმა sport.business-gazeta-მ ყაზანის რუბინისთვის 2020 წელი შეაჯამა და 19 წლის ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას წლის აღმოჩენა უწოდა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ლიდერი საკმაოდ ვრცლადაა დახასიათებული:

“2020 წელს რუბინში ყველაზე ნათელი წერტილი უდავოდ კვარაცხელია იყო. ქართველი ფეხბურთელი გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს, მიმდინარე სეზონის მესამედიც ჩინებულად განვლო და შთამბეჭდავი განაცხადი გააკეთა. დიდი ხანია, რუბინში არ ყოფილა ფეხბურთელი, რომელიც ამხელა ყურადღებას მიიპყრობდა და ვის მომავალსაც ასე აქტიურად განიხილავდნენ. ხვიჩამ წლეულს 4 გოლო გაიტანა, 6 საგოლე პასი განახორციელა და 4 პენალტი მოიპოვა. შეტევაში ყაზანელთა თამაში სწორედ მასზეა დამოკიდებული და კლუბში იმედი აქვთ, რომ ქართველის პროგრესის ხარჯზე, უახლოესი წლების განმავლობაში რომელიმე ევროთასზე გასვლას მოახერხებენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ხვიჩას თავისუფლებას აძლევს და ზეწოლას არ ანხორციელებს მაშინ, როდესაც ის მორიგ ჯერზე ცდილობს მეტოქის მთელი გუნდი მოატყუოს. სლუცკი არ მალავს, რომ შედეგთან ერთად, სურს კვარაცხელია ევროპული ტოპ-ჩემპიონატისთვის მოამზადოს. მას ასეთი გამოცდილება უკვე ჰქონდა ალეკსანდრ გოლოვინთან (ცსკა) და მარტინ ედეგორთან (ვიტესი) დაკავშირებით.

წლის ბოლოსკენ ქართველი ფეხბურთელი კორონავირუსით დაავადდა და რამდენიმე კვირა იზოლაციაში თბილისში გაატარა. ის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარა ჩრდილოეთ მაკედონიასთან უმნიშვნელოვანეს მატჩში და საქართველო ევრო 2020-ის მიღმა დარჩა. ის პერიოდი, როდესაც უმთავრესი ვარსკვლავის გარეშე თამაშობდა, ჩაუვარდა რუბინსაც. თავად ის ფაქტი, რომ უკვე 19 წლის ასაკში მასზე ნაკრებისა და გუნდის შედეგებია დამოკიდებული, ყველაფერზე მეტყველებს. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ეს წელი ხვიჩასთვის განსაკუთრებული იყო. ცნობილია, რომ რუბინი აპირებს ამ ზამთარს კვარაცხელია შეინარჩუნოს. ქართველი ლეგიონერის გაყიდვაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუკი კლუბი ფანტასტიკურ წინადადებას მიიღებს, თუმცა, ეს ნაკლებსავარაუდოა. 2020 კვარაცხელიასთვის დიდ ფეხბურთში პირველი სრულფასოვანი წელი იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელი მხოლოდ ახლა იწყებს თავის გზას და ნათელია, რომ გაისად მისგან კიდევ უფრო დიდ ნახტომს ელიან”.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია რუბინის ღირსებას უკვე მეორე სეზონია იცავს, მისი რუსული კარიერა კი მოსკოვის ლოკომოტივში დაიწყო. ყაზანურმა კლუბმა რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 28 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა. ჩემპიონატში თებერვლის ბოლომდე პაუზაა.

კომენტარები

ბოლო ამბები