Thumbnail
  • ბარსელონას ლონდონის არსენალის მცველის გადაბირება სურს
  • შკოდრან მუსტაფის აგენტმა მოლაპარაკებები დაადასტურა
  • კატალონიელებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ახლავე სურთ

ეს შეიძლება ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრანსფერი იყოს!

შკოდრან მუსტაფიმ კარიერა, შესაძლოა, ბარსელონაში გააგრძელოს და თანაც, ახლავე, იანვარში! და თუ ფიქრობთ, რომ ეს ჭორია, ცდებით, რადგან გერმანელის აგენტმა არა მარტო კატალონიური გრანდის ინტერესი, ისიც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

“ბარსელონაში იუსუფ დემირის გამო კი არ ვარ, როგორც ამას რამდენიმე მედიასაშუალება წერს, არამედ შკოდრან მუსტაფის გამო, რომელსაც ასევე მე წარმოვადგენ,” - განუცხადა ემრე იოზთურქმა გამოცემა Spox-ს. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ბარსა ვენის რაპიდის 17 წლის შემტევის შეძენით იყო დაინტერესებული.

ალბათ ყველას ასეთი კითხვა გაუჩნდება: რაში სჭირდება ბარსას მუსტაფი? ჯერ კიდევ სეზონის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 წლის მუსტაფი ანტონიო რიუდიგერთან ერთად კატალონიურ გრანდში გადასვლის კანდიდატი იყო. ერიკ გარსიას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ბარსელონა ალტერნატივებზე ფიქრობდა.

შკოდრან მუსტაფის არსენალში იშვიათად ათამაშებენ

ბარსელონას დაცვის ბურჯი ჟერარდ პიკე ტრავმირებულია და მინიმუმ თებერვლის ბოლომდე ვერ ითამაშებს. ფინანსური პრობლემების გამო ბარსას გარსიას ყიდვა არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ფიქრობენ კატალონიელები მუსტაფის იჯარით აყვანაზე.

გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი მუსტაფი არსენალში ამ სეზონში იშვიათად თამაშობს. ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა მას უმეტესად მხოლოდ ევროპალიგის მატჩებში იყენებს, პრემიერლიგაში კი აქამდე მხოლოდ 43 წუთი ათამაშა. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ შკოდრან მუსტაფის ოქტომბრის ბოლომდე მუხლის ტრავმა ჰქონდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები