Thumbnail
  • ბექა ბურჯანაძეს ბეტისთან ერთ-ერთი საუკეთესო სარგებლიანობოს კოეფიციენტი ჰქონდა
  • ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული თამაში ჰქონდა თად მაკფადენის სან პაბლო ბურგოსსაც

ესპანურ გრან კანარიას, რომლის რიგებშიც ქართველი ბექა ბურჯანაძე თამაშობს, წარმატებული პერიოდი უდგას. კანარულმა კლუბმა ლიგა ენდესაში სეზონი მძიმედ დაიწყო და აუტსაიდერებში იყო, ახლა კი, ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო, ევროთასის შეხვედრების გათვალისწინებით კი, მიჯრით 5 გამარჯვება გააჩნია.

გრან კანარია ამჯერად ბეტისს დაუხვდა და საკმაოდ იოლად – 78:54 მოიგო, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე 16:01 წუთი გაატარა და 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 14 ქულით მეტი ჩააგდო, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 13-ს გაუტოლდა და ეს, მასპინძელთა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო. ბექას მხოლოდ ამერიკელმა ჯონ შურნამ (15) აჯობა, რომელმაც 11 ქულა ჩააგდო.

გრან კანარიას 15 მატჩში 5 მოგება მოუგროვდა და 19-გუნდიან ესპანეთის ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს, სტუმრად, მანრესასთან ჩაატარებს.

თად მაკფადენი დარუშაფაკასთან მატჩში

წარმატებული დღე ჰქონდა კიდევ ერთ ესპანურ კლუბს, სადაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი ირიცხება. ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში მოთამაშე სან პაბლო ბურგოსმა თურქეთში დარუშაფაკას 74:71 სძლია, მაკფადენმა კი სასტარტო ხუთეულში ითამაშა.

თადმა მოედანზე 17:21 წუთი გაატარა და 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 2-დან 1 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. სან პაბლო ბურგოსს 3 მოგებითა და 1 მარცხით ჯგუფში პირველი ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი უკვე გაისად, 12 იანვარს, შინ, ბელგიურ ოოსტენდესთან გამართავს.
 

კომენტარები

ბოლო ამბები