Thumbnail
  • 22 წლის ქართველ მორაგბეს დიდ ბრიტანეთში ადრეც უთამაშია
  • ის 'შემოდგომის ერთა თასზე' ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ლაშა ჯაიანი დიდი ალბათობით კარიერას ინგლისური პრემიერშიპის წევრ უოსპსში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება და მასზე Rugger.info-ც წერს, ამდენად, სავარაუდოა, რომ ოფიციალური სახეც მალე მიეცემა.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის მეორახაზელისთვის ბრიტანული გარემო უცხო ნამდვილად არ იქნება, რადგანაც 2016-19 წლებში ექსეტერის უნივერსიტეტის ღირსებას იცავდა. თუკი ჯაიანის ტრანსფერი შედგა, ის პრემიერშიპში უკვე მე-4 ქართველი იქნება და ეს, ნამდვილად სასიხარულოა, რადგანაც აქამდე, “ბორჯღალოსნებს” ძირითადად საფრანგეთი ჰქონდათ ათვისებული.

ლაშა ჯაიანი და მერაბ შარიქაძე ფიჯელი ალბერტ ტუისუეს ბოჭვისას

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ გლოსტერთან გააფორმა კონტრაქტი გიორგი კვესელაძემ, იმავე უოსპსის ღირსებას იცავს ზურაბ ჟვანია, ხოლო შალვა მამუკაშვილი ლესტერ ტაიგერსის რიგებში ირიცხება.

ჯაიანი 2017-18 წლებში საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრი გახლდათ, 2019-ში საქართველო XV-ის მაისურით ითამაშა, გასულ წელს კი მისი ეროვნულ ნაკრებში დებიუტიც შედგა. ლაშას საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა “შემოდგომის ერთა თასზე”, სადაც ინგლისთან, ირლანდიასთანა და ფიჯისთან მატჩებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო უელსთან შეხვედრაში 38-ე წუთზე გამოჩნდა.

ვთქვათ ისიც, რომ უოსპსს, რომელიც ქოვენთრის წარმოადგენს, 153-წლიანი ისტორია გააჩნია (1867 წელსაა დაფუძნებული) და ინგლისური პრემიერშიპი 6-ჯერ (1989-90, 1996-97, 2002-03, 2003-04, 2004-05, 2007-08) მოუგია, ასევე გახლავთ ჩემპიონთა თასის ორგზის (2003-04, 2006-07) და ჩელენჯ ქაფის (2002-03) გამარჯვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები