Thumbnail

'ამას ვერც წარმოვიდგენდი' - ლეო მესიმ პელეს რეკორდი დაამხო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინელმა თავდამსხმელმა ბარსელონას მაისურით 644-ე გოლი მიითვალა
  • ლეომ ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით პელეს რეკორდი დაამხო

ლიონელ მესიმ პელეს რეკორდი დაამხო - ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით. ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრაში, რომელშიც ბარსელონამ ვალიადოლიდს ანგარიშით 3:0 მოუგო, 33 წლის არგენტინელმა 65-ე წუთზე გაიტანა და ლეგენდარული ბრაზილიელის მიღწევა გააუმჯობესა. 

პელეს ანგარიშზე ერთი კლუბის მაისურით გატანილი 643 გოლია, ლიონელ მესიმ კი უკვე 644-ე მიითვალა.

"როდესაც ფეხბურთის თამაშს ვიწყებდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რეკორდს დავამყარებდი. მით უმეტეს, თუ დავამხობდი თვით პელეს მიერ დამყარებულ რეკორდს.

მადლობა ყველას, ვინც მრავალი წლის განმავლობაში მეხმარებოდა - ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვინც ყოველდღე მხარში მედგა", - დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში.

პელე 1956-1974 წლებში მშობლიურ სანტოსში გამოდიოდა, რის შემდეგაც "ფეხბურთის მეფემ" ორი სეზონი აშშ-ში, ნიუ იორკ კოსმოსში გაატარა. ზოგადად, პელეს მიერ გატანილი გოლების რაოდენობა დიდი ხანია, დისკუსიის საგანია. ლეგენდარულ ბრაზილიელს გოლების მნიშვნელოვანი ნაწილი ამხანაგურ და არაოფიციალურ შეხვედრებში აქვს გატანილი, რაც ბევრ წყაროს ოფიციალურ სტატისტიკაში არ შეაქვს.

33 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა ფეხბურთის მეფეს უკვე აჯობა

ექვსი "ოქროს ბურთის" მფლობელი ლიონელ მესი ბარსელონას ღირსებას 2003 წლიდან იცავს და მისი მაისურით ესპანეთის ჩემპიონი 10-ჯერ, ესპანეთის თასის მფლობელი კი 6-ჯერ გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში 4-ჯერ გაიმარჯვა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა თავდამსხმელმა ბარსელონას ღირსება ყველა ტურნირის 18 მატჩში დაიცვა, გაიტანა 10 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. 

📺 ვალიადოლიდი V ბარსელონა

 

კომენტარები

ბოლო ამბები