Thumbnail

NBA საუკეთესო მატჩით დაიწყო - ლოსანჯელესური დერბით სტარტი ლეიკერსისთვის განსაკუთრებული იმის გამოც იყო, რომ ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ წინა სეზონის საჩემპიონო ბეჭდები მიიღეს. მაგრამ კლიპერსმა ლეიკერსს ეს დღე ჩაუმწარა!

ლეიკერსმა მატჩის წინ საჩემპიონო ბეჭდები მიიღო

კავაი ლეონარდისა და პოლ ჯორჯის გუნდმა კიდევ უფრო გაძლიერებული ჩემპიონი 116:109 დაამარცხა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად PG-13-მა ითამაშა და თანაც მეორე ტაიმში. ლეიკერსიდან ლებრონ ჯეიმსი მხოლოდ გარკვეულ ფაზებში იყო დომინანტი, ახალწვეულმა დენის შრიოდერს კი სამმაგ დუბლამდე ცოტა, 2 პასი დააკლდა (14 ქულა, 12 მოხსნა, 8 ასისტი). ლებრონმა 22 ქულის დაგროვება შეძლო (5 მოხსნა, 5 პასი), ენტონი დევისმა კი 18 ქულას, 7 მოხსნას და მხოლოდ 2 პასს მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ კარგი თამაში ჰქონდა ექს-კლიპერსელ მონტრეზ ჰარელსაც - ორმაგი დუბლით (17 ქულა, 10 მოხსნა).

კლიპერსიდან, როგორც უკვე ვთქვით, საუკეთესო პოლ ჯორჯი (5/9 სამქულიანი) იყო, რომელმაც თავისი 33 ქულიდან 15 მესამე პერიოდში ჩააგდო. ორგზის MVP კავაი ლეონარდი კი 26 ქულით გამოირჩა და მასაც სოლიდური თამაში ჰქონდა.

ლებრონი მხოლოდ გარკვეულ ფაზებში იყო დომინანტი

თამაშის დაწყებამდე ლეიკერსის კალათბურთელებმა თავიანთი საჩემპიონო ბეჭდები ჩაიბარეს - ცხადია, უმაყურებლო ‘სტეიპლს ცენტრში’. ლებრონს და კომპანიას ჩემპიონობა ოჯახის წევრებმა ემოციური ვიდეოებით მიულოცეს. მათ შორის გახლდათ მილუოკი ბაქსის სუპერვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპოც, რომელმაც თავის ძმას, კოსტასს კიდევ ერთხელ მიულოცა NBA-ს ჩემპიონობა.

საინტერესოა, რომ ლეიკერსის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ვოგელი სასტარტო ხუთეულს დიდხანს ასაიდუმლოებდა და საბოლოოდ, ლეიკერსმა კლიპერსთან ამ ხუთეულით ითამაშა: შრიოდერი, კოლდუელ-პოუპი, ლებრონი, დევისი და მარკ გასოლი. ლოგიკური იყო კლიპერსის სასტარტოც: ბევერლი, ჯორჯი, ლეონარდი, ბეტუმი და იბაკა.


მატჩის შემდეგ კლიპერსის მთავარმა მწვრთნელმა ტაირონ ლიუმ ყველაზე საინტერესო რამ ჯორჯის შესახებ თქვა: “ჩვენ მას უბრალოდ ვუთხარით, რომ აგრესიულად უნდა ეთამაშა და სწორედ ეს გააკეთა. პოლმა დღეს მიჩვენა, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია.”

არადა, იყო მომენტი, როცა პოლ ჯორჯის მოძულე ჰეითერებს უკვე დაპოსტილი ჰქონდათ სოციალურ ქსელებში ის მომენტი პირველი მეოთხედიდან, როცა PG-13-მა პასი მსაჯს მისცა (!), რადგან ის თანაგუნდელი ეგონა… სამაგიეროდ, მესამე მეოთხედსა და საერთოდ მატჩის ბოლო 16 წუთში ჯორჯმა გრანდიოზული შოუ შემოგვთავაზა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლეიკერსის დამარცხება მეტწილად მისი დამსახურებაა.

Christmas Games-ის მეორე დღეს ლეიკერსი ლუკა დონჩიჩის დალას მავერიკსს დაუპირისპირდება, კლიპერსი კი დენვერ ნაგეთსს ესტუმრება, რაც წინა სეზონის კონფერენციის ნახევარფინალის რე-მატჩია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები