Thumbnail

რეკორდული 300:0 - 14 წლის მოთამაშე FUT Champions-ში დაუმარცხებელია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

საფეხბურთო სიმულატორის, FIFA-ს მოყვარულთათვის თამაშის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფავორიტი რეჟიმი FUT-ია (FIFA Ultimate Team), სადაც შეხვედრების გამართვა და მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება ონლაინში შეგიძლიათ.

FUT Champions-ის რეჟიმი სიმულატორის საუკეთესო მოთამაშეებს აერთიანებს. ყოველ კვირას გეიმერები 30 შეხვედრას ატარებენ, ვინც ყველაზე მეტს მოიგებს, ივენთის გამარჯვებულიც ისაა და სხვადასხვა სახის საჩუქრებსაც იღებს.

კიბერსპორტსმენი ვირტუალურ ფეხბურთში ლაიპციგის სახელით ასპარეზობს 

ძალიან რთულია, ამ რეჟიმში 30-დან ყველა მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება. თუმცა ასე არ ფიქრობს 14 წლის დანიელი ანდერს ვეირგანგი, რომელმაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და FUT Champions-ის რეჟიმში 300 შეხვედრა (!) ზედიზედ მოიგო.

ანდერს ვეირგანგი ვირტუალურ ფეხბურთში ლაიპციგის სახელით ასპარეზობს. ახალგაზრდა გეიმერი თავის Twitch არხზე ლაივ სტრიმისას რეგულარულად 55 000 მაყურებელს აგროვებს. იგი ფრენჩაიზის წინა ნაწილებშიც კარგ შედეგებს აჩვენებდა. დანიელზე პოპსპორტი 2 წლის წინ, 2018 წლის დეკემბერშიც წერდა, როდესაც იგი ყველაზე ახლგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც Weekend League-ზე (Divison Rivals და FUT-ის საუკეთესო მოთამაშეებს შორის გამართული ყოველთვიური ტურნირი) წაგების გარეშე ითამაშა.

დანიელმა მე-300 მოგების შემდეგ ტვიტერზე დაწერა: "300:0, ახალი მსოფლიო რეკორდი. კიდევ ერთი კვირის განმავლობაში არანაირი შხაპი, არანაირი მზის შუქი და არანაირი ბრუნოს პენალტი, ბოდიში მოძულეებო!"

რა შუაშია ბრუნო ფერნანდეში და მისი თერთმეტმეტრიანი? ახლავე აგიხსნით. სანამ ანდერსი ახალ რეკორდს დაამყარებდა, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც 14 წლის გეიმერი თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა, გადამწყვეტი გოლი კი სწორედ ბრუნომ გაიტანა. ამ თემის გარშემო რამდენიმე სტატია დაიწერა, სადაც წაიკითხავდით, თუ როგორ დაამსხვრია პორტუგალიელის პენალტმა ახალგაზრდა ბიჭის ოცნებები, რომელსაც სურდა, 300 მატჩი წაუგებლად ჩაეტარებინა (მაშინ ვეირგანგს 280 მატჩი ჰქონდა მოგებული).

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, ბრუნო ფერნანდეში თერთმეტმეტრიანების მთავარი შემსრულებელია. მან უკვე 12-ჯერ აიღო მეტოქის კარი პენალტის ნიშნულიდან და მხოლოდ ერთხელ ააცილა. აქედან გამომდინარე ბევრი წერდა, რომ თუ ახალგაზრდა გეიმერს უნდა წაეგო, ეს სწორედ ასე, ფერნანდეშის პენალტით უნდა მომხდარიყო.

მართალია, ანდერს ვეირგანგმა წაგების გემო გაიგო, თუმცა არა FUT Champions-ის რეჟიმში. დანიელმა ზემოთ აღნიშნული შეხვედრა ონლაინ ტურნირის Blacki Cup-ის ფინალში წააგო, ხოლო სხვებს ეს ტურნირი FUT Champions-ში აერიათ, რომელშიც 14 წლის ბიჭი უბრალოდ შეუდარებელ შედეგს აჩვენებს და ჯერ კიდევ დაუმარცხებელია.

კომპანია EA-მ თავისი ლეგენდარული საფეხბურთო ფრენჩაიზის ბოლო თამაში FIFA 21 ექვს ოქტომბერს გამოუშვა. FIFA 21 ხელმისაწვდომია PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე, Nintendo Switch-ზე,  PS5-ზე,  Xbox Series X-სა და პერსონალურ კომპიუტერზე. მისი სტანდარტული ვერსია 60$ ღირს, Champions ვერსია 80$, ხოლო Ultimate ვერსია - 100$.

კომენტარები

ბოლო ამბები