Thumbnail
  • წასვლიდან 5 წლის შემდეგ იკერ კასილიასი რეალში დაბრუნდა
  • მადრიდელებმა 39 წლის იკერის დანიშვნა დაადასტურეს

იკერ კასილიასი ბრუნდება იქ, სადაც მისი სახლია!

‘სამეფო კლუბმა’ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 39 წლის ყოფილი მეკარე, რომელმაც კარიერა წელს პორტუში დაასრულა, Fundación Real Madrid-ის გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ფონდის საქმიანობაში სპორტის ესპანეთში და მის საზღვრებს გარეთ განვითარება, კულტურული, საგანმანათლებლო და სოციალური აქტივობების დაგეგმვა და სხვადასხვა საქმიანობები შედის.

ესპანური გამოცემა ‘მარკა’ ჯერ კიდევ ივლისში წერდა, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის მრჩევლად დაინიშნებოდა. ახლო წარსულში ეს ფუნქცია ჰქონდათ კლუბის ისეთ ლეგენდებს, როგორებიც ზინედინ ზიდანი, ბრაზილიელი რონალდო და რაული არიან. მადრიდულ გრანდში დაბრუნებამდე, კასილიასმა უარი თქვა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რითაც მისი ‘სამეფო კლუბში’ დაბრუნება საბოლოოდ გადაწყდა.

კასილიასმა დაბრუნება დეკემბრის დასაწყისში დააანონსა, როდესაც განაცხადა, რომ რეალ მადრიდი მისი სახლია, სადაც დაბრუნება ყოველთვის სურდა.

“ვამაყობ, რომ სახლში დავბრუნდი. ამ გამოწვევას უდიდესი სიხარულით ვიღებ. მადლობა ყველას,” - დაპოსტა კასილიასმა ტვიტერზე გადაწყვეტილების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ.

“რეალ მადრიდი ამაყობს ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის მშობლიურ კლუბში დაბრუნებით,” - ვკითხულობთ “სამეფო კლუბის” განცხადებაში. 

იკერი მადრიდულ გრანდში 9 წლიდან 34 წლის ასაკამდე თამაშობდა და რეალთან ერთად ჯამში 19 ტიტული მოიგო - მათ შორის სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ორჯერ ევროპის სუპერთასი, ხუთჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ კოპა დელ რეი და ასევე ოთხჯერ ესპანეთის სუპერთასი. კასილიასი ესპანეთის ნაკრების კარს 167 მატჩში იცავდა და 2010 წელს მსოფლიოს, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონი გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები