Thumbnail

კანელო დინების წინააღმდეგ - საუკეთესო, რომელიც ხშირად გვავიწყდება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • კანელო ალვარესი ჩვენი ეპოქის საუკეთესო მებრძოლია
  • მას მარკეტინგული მხარე ნაკლებად აინტერესებს, მხოლოდ კრივზეა ორიენტირებული
  • ამის გამო ის ბევრად უფრო ნაკლებ ყურადღებას იღებს, ვიდრე იმსახურებს
  • მისი საბრძოლო სტილი მექსიკური სკოლისგან განსხვავებულია

არ ვაპირებ, რომ იუთუბერებს და კალათბურთელებს საკრივო ლიცენზიის მიღებაში დავეხმარო’ - ამ ფრაზით უკვე ლეგენდად ქცეულმა კანელო ალვარესმა ერთბაშად გამორიცხა ყველანაირი შოუს გამართვის შესაძლებლობა. კანელოს მსგავსი რაღაცები არ აინტერესებს - ის ზედმეტად მაგარი და ზედმეტად სერიოზულია იმისთვის, რომ რინგზე რომელიმე ლოგან პოლის გალახვით იოლი ფულის შოვნას დათანხმდეს.

ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. სულ ორიოდე დღის წინ, მექსიკელმა ბრიტანელი კალუმ სმიტი დაამარცხა და ეს მისი 54-ე გამარჯვებაა 57-ე ბრძოლაში. კანელოს მხოლოდ ერთი წაგება აქვს და ისიც ფლოიდ მეივეზერთან (მაგრამ ვის არ აქვს წაგება ფლოიდთან?!). ის ერთდროულად სამ წონაში იყო ჩემპიონი და თავისზე ბევრად დიდ და მაღალ მეტოქეებს სცემს, მუდამ ახალ გამოწვევებს ეძებს და საშუალო წონა სრულიად ოკუპირებული აქვს. 54 გამარჯვებას მან მხოლოდ 30 წლის ასაკში მიაღწია და ეს იმიტომ, რომ პირველი პროფესიული ბრძოლა სულ რაღაც 15 წლის ასაკში გამართა.

შაბათს კანელომ უკვე ტრადიციულად თავისზე ერთი თავით მაღალი მეტოქე გალახა

მოკლედ, კანელო ალვარესი ლეგენდაა. ფლოიდთან ერთად ის ალბათ ჩვენი ეპოქის საუკეთესო მებრძოლია, თუმცა ამის მიუხედავად, მის შესახებ მაინც ბევრმა არ იცის იმდენი, რამდენიც უნდა იცოდეს. ეს თანამედროვე კრივის განვითარების დინამიკითაც არის განპირობებული. კრივში მარკეტინგული და ბიზნეს-კომპონენტი ხშირად სპორტულ ფაქტორს ჩაგრავს კიდეც და კანელოც ამ ტენდენციის მსხვერპლია.

დიდი მებრძოლი და საშუალო ბიზნესმენი

თანამედროვე კრივში ყველაზე კარგად ხმაური იყიდება. ხმაური და კონკურენცია. ფიური-უაილდერი-ჯოშუას კონკურენციამ ამ სამივე მებრძოლს სახელი და პოპულარობა მოუტანა. არადა, არ მგონია, რომ რომელიმე მათგანი წმინდა საკრივო კრიტერიუმებით კანელოზე მაგარი მებრძოლია. ასე ხდებოდა მეივეზერის და პაკიაოს შემთხვევაშიც.

კანელოს თავისი წონითი კატეგორიები ისე აქვს ‘მოსუფთავებული’, რომ ის კონკურენცია არ ჩანს, რომელიც პოპულარობას ზრდის. თვით გენადი გოლოვკინთან ეპიკური ორმატჩიანი დაპირისპირებაც კი არ იყო ის მოვლენა, რომელიც კრივის აქტიური მოყვარულების იქით, სხვა, ფართო აუდიტორიას მოიცავდა. მაგრამ, მაგალითად, ფიური-უაილდერი ან მეივეზერი-პაკიაო უკვე სხვა ტიპის პროდუქტია, პროდუქტი, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს.

ალვარესის ყველაზე პრინციპული დაპირისპირება გენადი გოლოვკინთან შედგა

ეს კანელოს ‘ბრალიც’ არის და მისი ღირსებაც. მექსიკელი ბრძოლის წინ სისულელეების ლაპარაკით აუდიტორიის მოზიდვას არასოდეს დათანმხდება. ისევ და ისევ ის ზედმეტად მაგარია და ზედმეტად სერიოზული ამისთვის. კანელოს ყველა სიტყვა მშვიდი და საქმიანია, მეტოქეების და, პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემით აღსავსე. კრივში მას სპორტული კომპონენტის იქით თითქოს არც არაფერი აინტერესებს. რა მარკეტინგზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა მექსიკელი ინგლისურადაც თითქმის არ ლაპარაკობს. პრინციპში არ მგონია, რომ ეს მას თავად ძალიან ადარდებს - მას თავისი გზა აქვს და ამ გზას მიყვება.

სწორედ ამიტომ, ის დინების აღმა მიდის. თანამედროვე კრივი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ხმაურით მეტი ფული იშოვოს, მეტი ყურადღება მიიპყროს. როცა მეივეზერი მაკგრეგორის გალახვას დათანხმდა, ყველამ, ვინც კრივს თუნდაც მოყვარულის კვალობაზე უყურებს, იცოდა, რომ კონორს შანსი არ ჰქონდა. თუმცა, ეს ბრძოლა მარკეტინგულად ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი პროდუქტი იყო.

როცა ხორხე მასვიდალმა გადაწყვიტა, რომ კონორის გზით უნდა წასულიყო და კანელო ბრძოლაში გამოიწვია, ალვარესმა, რომელსაც შეეძლო, რომ შოუს გაკეთებით იოლი ფული ეშოვა, მაშინვე მოკლედ მოუჭრა - ‘მე მასვიდალთან ბრძოლა არ მაინტერესებს’. არადა, მასვიდალის ცემა კანელო ალვარესისთვის არ შეიძლება რთული ამოცანა იყოს, მას ეს უბრალოდ არ უნდოდა.

გულდასაწყვეტი ისაა, რომ ამის გამო ის ისევ და ისევ უფრო ნაკლებ ყურადღებას და პატივისცემას იღებს, ვიდრე მისი კლასის მებრძოლს ეკუთვნის.

ერთადერთი მარცხი და საბრძოლო სტილი

კარიერის ერთადერთი მარცხი მას მეივეზერთან აქვს. ამ დროს ის სულ 23 წლის იყო, ფლოიდი კი კარიერის პიკში, თუ პიკთან ახლოს. მოკლედ, ფლოიდმა, როგორც ყოველთვის, სწორ დროს და სწორ ადგილას იჩხუბა და ქულებით დამსახურებულად მოიგო კიდეც.

2013 წელს ფლოიდმა ქულებით გაიმარჯვა

დღეს ალვარესი უკვე სხვა კლასის მებრძოლია და როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე მეტი რამ სწორედ მეივეზერთან ბრძოლისგან ისწავლა. კარიერის სხვა ეტაპზე რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს, არც ის არის გამორიცხული, რომ ის ერთი მარცხი ფლოიდს ჰქონოდა, კანელო კი წაუგებელი ყოფილიყო. კლასით ჩვენს ეპოქაში მეივეზერს კანელოსნაირი მეტოქე არ ყოლია.

ამ ბრძოლამ ალვარესის სტილი შეცვალა. კანელო გვადალახარადან არის, თუმცა კლასიკური მექსიკური საკრივო სკოლისგან განსხვავებული სტილით ჩხუბობს. მექსიკური საბრძოლო სკოლა შემტევი და აგრესიულია, მეტოქის მუდამ პრესინგის ქვეშ მოქცევას ითვალისწინებს. კანელო პირიქით, ფრთხილი და სტრატეგიულია. ის აქამდეც ასეთი იყო, მეივეზერთან ბრძოლის შემდეგ კი, თავის მეტოქეს კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა.

ალვარესი იდეალური ე.წ. ‘ქაუნთერფანჩერია’ - ანუ, ცდილობ მოარტყა, იცილებს და შენ კი ამ დროს საპასუხო დარტყმას იღებ. მას იდეალური დაცვა აქვს - ძალიან სწრაფი და ზუსტი ფეხით მოძრაობა და მისთვის დამახასიათებელი მთავარი თვისება - თავის სწრაფი მოძრაობით მეტოქის დარტყმების აცილება. კანელოს თავი ყოველთვის დაბლა უჭირავს და მეტოქეს დაბლა ბრძოლას აიძულებს, თუმცა იმდენად სწრაფია, რომ სახეში ხელს უბრალოდ ვერ მოარტყამ. გოლოვკინმა თავის მეორე ბრძოლაში დარტყმების მხოლოდ 27 პროცენტი მოარტყა, არადა ყაზახი შეტევაში ძალიან მაგარია.


იგივე მეივეზერისგან განსხვავებით, კანელო შეტევაშიც ძალიან კარგია - უფრო ათლეტური და უფრო ძლიერი. მის არსენალში საკმაოდ ბევრი შემტევი იარაღია. უბრალოდ, ამ იარაღებსაც სტრატეგიულად იყენებს - ჯერ ღლის მეტოქეს, ამუშავებს და გვიან რაუნდებში კი დომინაციაზე გადადის. სწორედ ამიტომ მას 36 ნოკაუტი აქვს, მაშინაც კი, როცა ხშირ შემთხვევაში თავისზე გაბარიტულ მეტოქეებთან ჩხუბი უწევს.

მისი კარიერული სიტუაცია თითქოს ერთ ადგილზე გაიჭედა. რთული წარმოსადგენია, რა უნდა ქნას. რამდენიმე ძალიან კარგი მებრძოლი მან უკვე დაამარცხა - შეინ მოსლი, მიგელ კოტო, ამირ ხანი და დანიელ იაკობსი მასთან უშანსოდ აღმოჩნდნენ.

ყველაზე ცნობილი კანელოს და გენადი გოლოვკინის ორმატჩიანი დაპირისპირება აღმოჩნდა. ფრე და რთული გამარჯვება და ორივე ეს შედეგი შემდეგ დიდი დისკუსიის საგანი გახდა. ალბათ ლოგიკურია, რომ კანელო გოლოვკინთან მესამე ბრძოლასაც დათანხმდეს და როგორც შაბათს თავადაც აღნიშნა, ის ამ ვარიანტზე უკვე მუშაობს.

თუმცა, გოლოვკინთან თუნდაც კიდევ ერთი გამარჯვება, კანელოს მაინც ვერ მოუტანს იმ სახელს და პოპულარობას, რომელსაც იმსახურებს. უბრალოდ თანამედროვე კრივი ასეა მოწყობილი. არადა კანელო იდეალური მებრძოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები