Thumbnail
  • სპორტ ექსპრესმა რუსეთის 2020 წლის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა
  • რუბინის ქართველი ნახევარმცველი გამოკითხვაში მე-13 ადგილზე გავიდა 

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი რუსული გამოცემა "სპორტ ექსპრესის" 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დასახელდა. 

კალენდარული "წლის ფეხბურთელის" გამოსავლენად გამოცემა სპეციალურ გამოკითხვას ატარებს, რომელშიც მწვრთნელები, მენეჯერები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მონაწილეობენ. თითოეული მათგანი საუკეთესო ხუთეულს ასახელებს, თითოეულ ფეხბურთელს კი 5-იდან 1-მდე ბალით აფასებს. 

რუსეთის 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, დიდი უპირატესობით, მოსკოვის ცსკა-სა და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლა ვლაშიჩი გახდა (251 ბალი). 

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველმა ფეხბურთელმა ჯამში 12 ბალი მიიღო, რაც მე-13 შედეგია. ხვიჩამ 2 ბალი ჟურნალისტებისგან მიიღო, 3 - მწვრთნელებისგან, 7 კი - მენეჯერებისგან. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი 1 ბალით მისივე გუნდის, რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ შეაფასა, 2-ით კი - ვოლგოგრადის როტორის თავკაცმა ალეკსანდრ ხაცკევიჩმა.

სლუცკის ხუთეულში რუბინიდან მხოლოდ კვარაცხელია მოხვდა

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც რუბინის ღირსებას მეორე სეზონია იცავს, ჯამში ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი, 3-ჯერ კი პენალტი მოიპოვა.

ყაზანის რუბინმა რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 28 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა. ჩემპიონატში თებერვლის ბოლომდე პაუზაა.

კომენტარები

ბოლო ამბები