Thumbnail
  • ბასკონია 79:72 ტენერიფე
  • ქართველმა ცენტრმა თამაშიდან 9-დან მხოლოდ 3 სროლა გამოიყენა

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში მე-2 მარცხი განიცადა და ქართველ ცენტრსაც მიმდინარე სეზონში ყველაზე წარუმატებელი მატჩი ჰქონდა.

ტენერიფელები თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდ ბასკონიას სტუმრობდნენ და მხოლოდ პირველი მეოთხედი მოიგეს (20:18), დარჩენილი ათწუთეულები კი დათმეს და საბოლოოდ, 72:79 დამარცხდნენ.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20:06 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართაგან ყველაზე მეტი – 13 ქულა ესპანელმა სანტი იუსტამ მიითვალა, ბასკონიას კი 15-15 ქულით სლოვენიელმა ზორან დრაგიჩმა და ლიეტუველმა როკას გიედრაიტისმა ულიდერეს.

იბეროსტარ ტენერიფემ მადრიდის რეალის კვალად, ლიგა ენდესაში მე-2 ადგილი შეინარჩუნა, თუმცა, ბარსელონასა და ხსენებულ ბასკონიას მხოლოდ თითო მოგებითღა უსწრებს. შერმადინის კლუბს მომდევნო შეხვედრა 27 დეკემბერს, შინ, მორაბანკ ანდორასთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები