- ბექა ბურჯანაძემ 7 ქულა ჩააგდო, თად მაკფადენმა კი - 15
- საქართველოს ნაკრების წევრებს წარმატებული ტური ჰქონდათ
ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის საწყის 12 ტურში მხოლოდ 2 მოგება ჰქონდა, ახლა კი, ზედიზედ ორ ტურში იმარჯვა და სატურნირო ცხრილში აუტსაიდერობას თავი დააღწია.
გრან კანარია ამჯერად ბოლო ადგილზე მყოფ გიპუზკოა ბასკეტს ესტუმრა და დამაჯერებლად ჩატარებული ბოლო მეოთხედის (26:12) ხარჯზე 79:65 იმარჯვა. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, საკმაო დრო – 20:13 წუთი დაეთმო და თანაც, გადამწყვეტ წუთებშიც მოედანზე იყო.
ბექამ 3-დან 1 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენივე პესრონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. გრან კანარია ლიგა ენდესაში, სადაც 19 გუნდი თამაშობს, მე-16 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს მანრესასთან ჩაატარებს.
მიმდინარე ტურში სწორედ ამ უკანასკნელს მოუგო (91:80) სან პაბლო ბურგოსმა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს.
ის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:23 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მაკფადენმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 სამქულიანი გამოიყენა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. თადის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 19 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
სან პაბლო ბურგოსი 9 მოგებითა და 5 მარცხით მე-6 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრა კი 27 დეკემბერს ბადალონაში ხუვენტუტთან ელის.
კომენტარები