Thumbnail
  • KLEINE ZEITUNG-ის სტატია ოთარ კიტეიშვილზე
  • კლუბმა ფეხბურთელთან მისი სატრანსფერო ფასი შეათანხმა

ავსტრიულმა გაზეთმა KLEINE ZEITUNG-მა გრაცის შტურმის ქართველ ლეგიონერ ოთარ კიტეიშვილს სტატია მიუძღვნა.

"კორონავირუსისა და კუნთის პრობლემის გამო, მას ამ სეზონში ბევრი გაუცდა, თუმცა მან შეძლო და მცირე დროში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ის ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით აუსტრიასთან დუბლის შემდეგ მოექცა", - წერს გაზეთი. 

"ოთარი ძალიან კარგ ფორმაშია და გუნდიც შესანიშნავად თამაშობს. ამიტომაც ქართველის თამაში კიდევ უფრო გამოკვეთილად ჩანს, თორემ, ჩემი აზრით, ის წლი-ნახევრის წინაც კარგად თამაშობდა, მაგრამ გუნდში ყველაფერი კარგად ვერ იყო", - ეს კლუბის დირექტორ ანდრეას შიკერის სიტყვებია.

ოთარ კიტეიშვილმა 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა

KLEINE ZEITUNG წერს კიტეიშვილის შტურმში მოხვედრა შემთხვევითობას უკავშირდება - "ეს ნამდვილად ღმერთის საჩუქარი იყო". კიტეიშვილი შტურმს ყოფილმა დირექტორმა გიუნტერ კრაისლმა დაუკავშირა. "სიმართლე გითხრათ, მე სხვა ქართველის წამოყვანა მსურდა, მაგრამ სხვა კლუბმა დაგვასწრო. ამ დროს მენეჯერმა მითხრა, სხვა ქართველი ფეხბურთელი მეცადა, საუბარი ოთარზე იყო. მგონი, ის შტურმს შესანიშნავად შეეწყო".

კიტეიშვილი გრაცში თავს შესანიშნავად გრძნობს. მით უფრო, როცა მასთან ერთად მეუღლეა: "აქ ხალხი ძალიან მეგობრულია, ჩემი მეუღლეც თავს კომფორტულად გრძნობს. რაც მთავარია, ძალიან კარგ კლუბში ვარ", - აცხადებს ოთარი გაზეთთან საუბარში.

KLEINE ZEITUNG წერს, რომ წარმოუდგენელია შტურმმა ქართველი ნახევარმცველის შენარჩუნება შეძლოს: "ეს მისი პირველი უცხოური კლუბია, მაგრამ ნაღდად არა უკანასკნელი: "ჯერ ოფიციალური შემოთავაზება არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ფეხბურთელების სარფიანად გაყიდვაზე უარს არ ვამბობთ. მართალია, ჩვენი სურვილია, რომ ის შტურმში დარჩეს, მაგრამ უნდა ვემზადოთ იმისთვის, რომ მას წასვლა მოუწევს. ამიტომაც დიდი ხანია, უკვე ფეხბურთელთან და მის აგენტთან ამ საკითხზეც ვისაუბრეთ", - ამბობს შტურმის დირექტორი. ოთარ კიტეიშვილს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. ასე რომ, თუ ვინმე მის შეძენას მოიწადინებს, სატრანსფერო თანხა უკვე განსაზღვრუულია. თანხა შტურმისთვის მომგებიანია, თუმცა შიკერი მას არ ასახელებს. 

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელს "ტრანსფერმარკტი" 2 მილიონ ევროდ აფასებს. ოთარ კიტეიშვილს ეროვნულ ნაკრებში 2017 წლიდან მოყოლებული, 18 მატჩში აქვს ნათამაშები. 

კომენტარები

ბოლო ამბები