Thumbnail

როცა 20 წლის ფორვარდი ნახევარი გუნდია - მიქაუტაძეს ყოველ 76 წუთში გააქვს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბელგიის პროქსიმუს ლიგის (პირველი დივიზიონი  B) ზუსტად ნახევარი დასრულებულია - 20 წლის ჟორჟ მიქაუტაძის სერენი 14 თამაშიდან 25 ქულით მე-2 ადგილზეა, რაც უდიდესი სენსაციაა მოულოდნელად დაწინაურებული გუნდისთვის. ჩემპიონატის მთავარი სენსაცია კი სწორედ მიქაუტაძეა, რომელმაც 14 თამაშში 16 გოლი გაიტანა და ტურნირის ბომბარდირია.

სერენის ოფიციალურმა საიტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბანერი, რომელზეც ასახულია 14 ტურში გატანილი 33 გოლის ავტორები. 

აღსანიშნავია, რომ სულ 10-მა ფეხბურთელმა გაიტანა გოლები, მაგრამ თითქმის ნახევარი ერთ კაცზე, 20 წლის ჟორჟზე მოდის, რომელიც სერენში იჯარის წესით თამაშობს, ისე კი ლიგა 1-ის მეცს ეკუთვნის. მას ყოველ 76 წუთში ერთი გოლი გააქვს. ამ 14 მატჩიდან 12 მიქაუტაძემ ცენტრფორვარდად ითამაშა, 2 კი მეორე ფორვარდად. აღსანიშნავია, რომ ის უფრო პროდუქტიული I წრეში იყო - პირველ 7 მატჩში 14 გოლი გაიტანა, II-ში კი მხოლოდ 2.  

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჟორჟ მიქაუტაძე მოლენბეეკთან მატჩში უხეშობისთვის სამი მატჩით არის დისკვალიფიცირებული, თუმცა კლუბმა აპელაცია შეიტანა და ბელგიის საფეხბურთო კავშირი ამაზე 18 დეკემბერს იმსჯელებს.

ჟორჟ მიქაუტაძე ლიონის აღზრდილია, ის საფრანგეთის მოქალაქეა, თუმცა განიხილება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემისა და ეროვნულ ნაკრებში თამაშის საკითხი. მიქაუტაძეს უკვე ჰქონდა დებიუტი საფრანგეთის ლიგა 1-ში მეცის რიგებში. 2019 წლის დეკემბერში მან მეცთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სეზონის ბოლომდე ჟორჟი და კიდევ 5 მეცელი სერენში იჯარით თამაშობს. "ტრანსფერმატკი" ამ ეტაპზე ქართველ ფორვარდს 1.2 მილიონ ევროდ აფასებს. პროქსიმუს ლიგის გამარჯვებული ჟუპილერ ლიგაში გადადის, მეორეადგილოსანი - პლეი ოფში ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები