Thumbnail

ხმა მიეცით ჩხვიმიანს და გრიგალაშვილს - IJF სეზონს გამოკითხვით აჯამებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ხუთი ნომინაციიდან ორში ქართველი ძიუდოისტები ფიგურირებენ
  • საუკეთესოთა ვინაობა 27 დეკემბერს გამოცხადდება

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) 2019-2020 წლების სეზონების მიხედვით შემაჯამებელ გამოკითხვას აწყობს, რომელიც 21 დეკემბრამდე გასტანს, საუკეთესოთა ვინაობა კი 27 დეკემბერს გამოცხადდება.

გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან, საიდანაც ორში ქართველი ძიუდოისტები ფიგურირებენ. საუკეთესო კაცი ძიუდოისტის ტიტულის მოპოვების შანსი ლუხუმ ჩხვიმიანს (60 კგ.) აქვს, ხოლო ამომავალი ვარსკვლავის პრიზისთვის ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) იბრძვის. ძიუდოს ქომაგებს ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შეიძლება ამ ლინკზე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ჩხვიმიანმა 2019 წელს ოქროს მედალი მოიპოვა როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატზე, გრიგალაშვილი კი მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა, წლეულს პრაღაში გამართულ ევროპის პირველობაზე იმარჯვა, ამას გარდა კი, დიუსელდორფის გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონიცაა.

ჩხვიმიანის კონკურენტები ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი), ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია), საგი მუკი (ისრაელი) და შოჰეი ონო (იაპონია) არიან, გრიგალაშვილის კი – ანდრეა სტოიადინოვი (სერბეთი), პატრისია სამპაიო (პორტუგალია), შირინე ბუკი (საფრანგეთი) და მანუელ ლომბარდო (იტალია).

გარდა აღნიშნული ნომინაციებისა, საუკეთესოები კიდევ სამ კატეგორიაში უნდა გამოვლინდენ: 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო იპონი, საუკეთესო ქალი ძიუდოისტი და საუკეთესო სამწვრთნელო მიღწევა.

📺 ასე მოიგო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატი

კომენტარები

ბოლო ამბები