Thumbnail

14 დეკემბერს პარიზში 2023 წლის მსოფლიო თასის წილისყრა გაიმართა. დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებს C ჯგუფში მოუწევს თამაში, რადგან რაგბი ევროპის ტურნირის უმთავრესი ფავორიტია. სხვათა შორის, დიდი შანსია, რომ საქართველო 2019 წლის მსოფლიო თასის იდენტურ ჯგუფში მოხვდეს. მაშინ "ბორჯღალოსნების" ჯგუფში ავსტრალიამ, უელსმა, ფიჯიმ და ურუგვაიმ ითამაშეს. პირველი სამეული გადაწყვეტილია, ურუგვაი კი შესაძლოა, ფინალური საკვალიფიკაციის გამარჯვებული გახდეს. 

უელსელთა თავკაც უეინ პივაკსაც მიაჩნია, რომ შესაძლოა, 2019 წლის მსოფლიო თასის შემადგენლობა გამეორდეს. წილისყრის შემდეგ 58 წლის სპეციალისტი walesonline-ს ესაუბრა.

უეინ პივაკი (უელსის მწვრთნელი): "დიახ, ჯგუფი ალბათ იდენტურია, მაგრამ ქვეყანა იქნება სხვა. პირადად ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ფიჯი ახლახან თამაშობდა "შემოდგომის ერთა თასზე" და მე მიყვარს ეს გუნდი, მით უფრო, რომ 2007-ში მათ ვწვრთნიდი. დეივ რენის ავსტრალიასთან თამაში დიდი გამოწვევა იქნება. ურუგვაიმ გასულ წელს ერთხელ "გაისროლა". ასე რომ, ყველასთან, თითოეულ მატჩში დიდი ბრძოლა გველის". 

შეგახსენებთ, რომ "შემოდგომის ერთა თასზე" საქართველოს ნაკრები პივაკის უელსს ეთამაშა და 0:18 დამარცხდა. ეს გუნდები ერთმანეთს 2019 წლის მსოფლიო თასზე იაპონიაში დაუპირისპირდნენ და საქართველო 14:43 დამარცხდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები