Thumbnail
  • 31 წლის ქართველმა ცენტრმა სან პაბლო ბურგოსთან მატჩში 21 ქულა ჩააგდო
  • გიორგი შერმადინს ლიგა ენდესაში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი აქვს

იბეროსტარ ტენერიფეს 31 წლის ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რაც მის კარიერაში უკვე მეცხრედ მოხდა.

ქართველს ცენტრს საუკეთესო შედეგი ლიგა ენდესას მე-14 ტურში ჰქონდა, რომელშიც ტენერიფელებმა თად მაკფადენის სან პაბლო ბურგოსს 84:79 სძლიეს. აღნიშნულ მატჩში შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 29 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა, მოგვიანებით კი, მისი მაჩვენებელი სრულიად ტურშიც ვერავინ გადაფარა.

როგორც აღვნიშნეთ, შერმადინი ტურის საუკეთესო კალათბურთელად მეცხრედ აღიარეს და კონკრეტულად იბეროსტარ ტენერიფეში ეს უკვე მეხუთედ მოხდა, წინა 4 შემთხვევა კი მორაბანკ ანდორას უკავშირდება, 2015-16 და 2016-17 წლების სეზონებში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ტენერიფელებს 13-დან 12 მოგება აქვთ და ამაში, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის წვლილი უდიდესია. ამ დროისთვის, გიორგის საშუალო მაჩვენებლები 25:02 წუთი, 17.5 ქულა, 5.3 მოხსნა და 2.2 პასია, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23.3-ს უტოლდება, რაც მთელს ლიგაში საუკეთესო შედეგია.

📺 შერმადინი ბურგოსთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები