Thumbnail

ბორჯღალოსნების სავარაუდო მეტოქეები 2023 წლის მსოფლიო თასზე ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პარიზში მთავარი სარაგბო ტურნირის წილისყრა ჩატარდა
  • სავარაუდოა, რომ იქ საქართველოს ნაკრებსაც ვიხილავთ

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2023 წლის მსოფლიო თასის წილისყრა შედგა, სადაც თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს.

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, გუნდების წარმომადგენლები პროცესში დისტანციურად იყვნენ ჩართულნი, ღონისძიებას წონა კი იმან შემატა, რომ მასში მონაწილეობა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო.

წილისყრის წინ ტრადიციული განთესვა შედგა, რომლის საფუძველიც 2020 წლის 1 იანვრის მსოფლიო რეიტინგი გახდა. ამასთან, უკვე ცნობილია ის 12 ნაკრები, რომელთაც მომავალ ტურნირზე თამაში 2019 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგებით აქვთ განაღდებული.

I კალათა: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი, უელსი;
II კალათა: ირლანდია, ავსტრალია, საფრანგეთი, იაპონია;
III კალათა: შოტლანდია, არგენტინა, ფიჯი, იტალია;
IV კალათა: ოკეანეთი 1, ევროპა 1, ამერიკა 1, აზია/წყნარი ოკეანეთი;
V კალათა: აფრიკა 1, ევროპა 2, ამერიკა 2, რეპეშაჟის გამარჯვებული;

უდიდესი ალბათობით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას მოახერხებს და მსოფლიო თასზე ევროპა 1-ის რანგში წავა, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ წილისყრის შედეგებით თამაში უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთანა და რეპეშაჟის გამარჯვებულთან (აფრიკა 2, ამერიკა 3, ევროპა 3 ან აზია/წყნარი ოკეანეთი 2) მოუწევს. საინტერესო დამთხვევაა, რომ საქართველოს ნაკრებს პირველ სამ მეტოქესთან გაჯიბრება გასულ მსოფლიო თასზეც მოუწია და სამივესთან წააგო. “ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასზე ევროპა 2-ის რანგში გავლენ აღნიშნული შეჯიბრის ვიცე-ჩემპიონობის შემთხვევაში, ხოლო თუკი მე-3 ადგილი ერგოთ, რეპეშაჟის მოგებას ეცდებიან. წილისყრის სრული შედეგები ასე გამოიყურება:

I ჯგუფი: ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა 1, აფრიკა 1;
II ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია, აზია/წყნარი ოკეანეთი, ევროპა 2;
III ჯგუფი: უელსი, ავსტრალია, ფიჯი, ევროპა 1, რეპეშაჟის გამარჯვებული;
IV ჯგუფი: ინგლისი, იაპონია, არგენტინა, ოკეანეთი 1, ამერიკა 2;

შეგახსენებთ, რომ მომავალი მსოფლიო თასი 2023 წლის 8 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში საფრანგეთში ჩატარდება. ტურნირს ერთბაშად 9 ქალაქი უმასპინძლებს: პარიზი, მარსელი, ლიონი, ლილი, ბორდო, სენტ ეტიენი, ნიცა, ნანტი, ტულუზა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს 2003 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ ხუთ მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები: ავსტრალიაში, საფრანგეთში (2007), ახალ ზელანდიაში (2011), ინგლისსა (2015) და იაპონიაში (2019). “ბორჯღალოსნების” საუკეთესო შედეგი 2015 წლის ტურნირს უკავშირდება, როდესაც გუნდმა ჯგუფში 2 მატჩი მოიგო (ტონგასთანა და ნამიბიასთან), მე-3 ადგილი დაიკავა და მომდევნო მსოფლიო თასის საგზური ავტომატურად მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები