Thumbnail
  • როჯერ ფედერერს იანვრის შემდეგ არ უთამაშია
  • შვეიცარიელი 100 პროცენტით არ გამოჯანმრთელებულა

როჯერ ფედერერს, სავარაუდოდ, დაბრუნების გადადება მოუწევს. ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ამის შესახებ დაჯილდოებაზე ისაუბრა, სადაც იგი შვეიცარიის ბოლო 70 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

“იმედი მქონდა, რომ ოქტომბერში 100 პროცენტით მზად ვიქნებოდი. ახლა დეკემბერია და ჯერაც არ ვარ სრულ მზადყოფნაში,” - განაცხადა 39 წლის როჯერმა, რომელსაც დიდი სლემის 20 ტურნირი აქვს მოგებული და რომლის მთავარი მიზანი 2021 წელს ოლიმპიური ოქროა.

როჯერმა თავისი ბოლო მატჩი 2020 წლის 30 იანვარს ჩაატარა, როდესაც ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. მას შემდეგ ფედერერმა მუხლზე ორი ოპერაცია გადაიტანა. 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო დაგვიანებით, 8 თებერვალს უნდა დაიწყოს, თუმცა ეს ჯერაც არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი.

“ვისურვებდი, რომ გაცილებით წინ ვიყო, მაგრამ ამავდროულად კმაყოფილი ვარ იმითაც, თუ რა მდგომარეობაში ვარ ახლა. უნდა შევხედო, როგორ ვიქნები მომდევნო თვეებში. ფიზიოთერაპიასთან ერთად ბევრი სპეციალური ვარჯიშები გამოვიარე და ახლა უნდა ვნახოთ, როგორ შევძლებ ჩოგბურთის თამაშს,” - თქვა როჯერმა.

'მომდევნო ნაბიჯს მხოლოდ მაშინ გადავდგამ, როცა ამაში 100 პროცენტით ვიქნები დარწმუნებული'

შვეიცარიელი აცხადებს, რომ საკუთარი თავის წნეხის ქვეშ მოქცევას არ აპირებს, რადგან მისი მთავარი მიზნები 2021 წლისთვის უიმბლდონი და ოლიმპიური თამაშებია. “გეგმა შევიმუშავე და მისი განხორციელების ვადების თვალსაზრისით თავს ზეწოლის ქვეშ არ ვაქცევ. დაბრუნებისკენ მომდევნო ნაბიჯს მხოლოდ მაშინ გადავდგამ, როცა ამაში 100 პროცენტით ვიქნები დარწმუნებული,” - დასძინა ფედერერმა.

როჯერს კარიერაში დიდი სლემის 20 ტურნირი აქვს მოგებული, ჯამში ATP ტურის 103 ტურნირი მოიგო, 2008 წელს კი თანამემამულე სტენ ვავრინკასთან ერთად, წყვილებში ოლიმპიური ოქროც მოიპოვა. ერთადერთი დიდი ტიტული, რომელიც ფედერერს არ მოუგია, ერთეულთა თანრიგში ოლიმპიური ოქროა. 2012 წელს იგი ოლიმპიადის ფინალში ენდი მარისთან დამარცხდა, 2000 წელს სიდნეიში კი - ნახევარფინალი წააგო გერმანელ ტომი ჰაასთან.

2008 წელს როჯერმა ვავრინკასთასნ ერთად ოქრო წყვილებში მოიპოვა

როგორც იცით, ოლიმპიადა 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ტოკიოში გაიმართება. 8 აგვისტოს როჯერ ფედერერი 40 წლის გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები