Thumbnail
  • ბორუსიაში ლუსიენ ფავრი ედინ ტერზიჩმა შეცვალა
  • დორტმუნდმა ბუნდესლიგის ბოლო 5 მატჩიდან 3 წააგო

63 წლის ლუსიენ ფავრი დორტმუნდის ბორუსიას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. შვეიცარიელ სპეციალისტს ბუნდესლიგის ბოლო 5 ტურში 3 მარცხი არ აპატიეს, გადამწყვეტი კი, გუშინ შტუტგარტთან შინ განადგურება (1:5) გამოდგა. აღნიშნულ ფაქტს დორტმუნდის გენერალური დირექტორი ჰანს-იოახიმ ვაცკე გამოეხმაურა:

"ლუსიენ ფავრის ყველანი მადლიერები ვართ. მან ორწელიწადნახევარი შესანიშნავად იმუშავა. ფავრის ხელში ბორუსიამ მე-2 ადგილი 2-ჯერ დაიკავა. ეჭვგარეშეა, რომ ლუსიენი დიდი პროფესიონალი და პიროვნებაა".

ფავრი დორტმუნდში 2018 წლიდან მუშაობდა. მიმდინარე სეზონში "ყვითლებმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, ბუნდესლიგაში კი გუნდის ბოლოდროინდელი შედეგები შემაშფოთებელი გამოდგა.

დორტმუნდს დროებით ედინ ტერზიჩი უხელმძღვანელებს, რომლის სამწვრთნელი შტაბს სებასტიან გეპერტი და ოტო ადო შეუერთდებიან. 38 წლის ტერზიჩი ფავრის ასისტენტი იყო და ამავდროულად 23-წლამდელთა გუნდს ედგა სათავეში. გერმანული მედიის ცნობით, ზაფხულში დორტმუნდის მთავარ მწვრთნელად გლადბახის მოქმედი თავკაცი მარკო როზე დაინიშნება.

კომენტარები

ბოლო ამბები