- ქართველმა ფეხბურთელმა სეზონში მე-4 ყვითელი ბარათი მიიღო
- რუბინმა სტუმრად ტამბოვი დაამარცხა, ხვიჩამ 79 წუთი ითამაშა
რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას რუბინმა სტუმრად ტამბოვი 1:0 დაამარცხა. 19 წლის ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია.
ხვიჩა ლეონიდ სლუცკიმ 79-ე წუთზე შეცვალა, მანამდე კი, მე-13 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის სეზონში მე-4 გამოდგა და დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს. კვარაცხელია რუბინს გროზნოს ახმატთან უახლოეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება, რომელსაც პირველ წრეში ულამაზესი გოლი გაუტანა. ქართველმა ნახევარმცველმა წინა სამი გაფრთხილება ხიმკისთან (0:2), სპარტაკთან (0:2) და ცსკა-სთან (2:1) მატჩებში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მატჩი სარანსკში (ტამბოვი საშინაო შეხვედრებს იქ ატარებს) საშინელ მდგომარეობაში მყოფ გაზონზე გაიმართა, რამაც თამაშზე და მათ შორის კვარაცხელიაზეც გავლენა მოახდინა. ლამის გაყინული მოედნის საფარით უკმაყოფილება არც ლეონიდ სლუცკის დაუმალავს.
"რატომღაც ყველას ეგონა, რომ ადვილი თამაში გველოდა, მაგრამ ამინდის პირობების გათვალისწინებით, მალევე მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. დიდი ხანია რუსეთის პრემიერლიგის მატჩები ასეთ კლიმატურ პირობებში არ ჩატარებულა, მინდვრის საფარიც კრიტიკას ვერ უძლებდა. ფეხბურთელებისადმი პრეტენზიების გამოთქმა რთულია, რადგან მათ მძიმე კლიმატურ პირობებში და მოედანზე ითამაშეს", - თქვა სლუცკიმ.
ტამბოვის შემადგენლობაში 19 წლის ცენტრალურმა მცველმა ზურაბ გიგაშვილმა მინდორზე 90 წუთი გაატარა. მას დებიუტი წინა ტურში მოსკოვის სპარტაკთან ჰქონდა და ზედიზედ მეორედ ათამაშეს თავიდან ბოლომდე. გიგაშვილი გასულ სეზონში არმავირის ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე თურქული ანკარაგიუჯუს 19 და 21-წლამდე გუნდებში თამაშობდა.

რუბინი 18 ტურში მოპოვებული 27 ქულით მე-9 ადგილზეა, ახმატს კი 17 დეკემბერს, სტუმრად დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონის 16 მატჩში აქტივში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს
კომენტარები