Thumbnail
  • 15 დეკემბერს რაგბი ევროპის ორგანიზაციის დირექტორთა სხდომა გაიმართება
  • დიდი ალბათობით, წლევანდელი ჩემპიონატის ბოლო ტური აღარ გაიმართება

რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი შესაძლოა, არც დასრულდეს - მედიაში გავრცელებული ხმების მიხედვით, რაგბი ევროპის ხელმძღვანელობა განიხილავს კორონავირუსის გამო გადადებული თამაშების გაუქმებას. 

საქართველოს ნაკრებმა ტიტული პარიზში 7 მარტს გაინაღდა

ტურნირზე გასამართავია ბოლო ტური: საქართველო v რუსეთი, ესპანეთი v პორტუგალია, რუმინეთი v ბელგია. ჩემპიონის ვინაობა გარკვეულია - "ბორჯღალოსნებმა" ჯერ კიდევ 7 მარტს გაინაღდეს ტიტული, როცა პარიზში 7 ლელო გაიტანეს და პორტუგალიის ნაკრები 39:24 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებს ყველა, ოთხივე მატჩი მოგებული აქვს, სამი ბონუსქულაც აიღო და ჯამში 19 ქულით პირველ ადგილზეა. 9-9 ქულა აქვთ პორტუგალიასა და ესპანეთს, 8 - რუსეთს, 7 ბელგიასა და რუმინეთის ნაკრები 5 ქულით ბოლო ადგილზეა. პირველი ადგილის ბედი გარკვეულია, მაგრამ ვინ გავარდება - ჯერ არა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ტური გაუქმდება? ამ შემთხვევაში განიხილავენ რაგბი ევროპის ტროფეიზე გამარჯვებული ნიდერლანდების ნაკრების მე-7 ერად დამატებას. ტურნირი 7 ტურად გაიმართება, ყოველ გუნდი შინ და გარეთ 3-3 მატჩს გამართავს, თითო ტურში კი დაისვენებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩი მარტში უნდა გამართულიყო, მეტოქე უკვე თბილისში იმყოფებოდა, როცა პანდემიის გამო, რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ტური გადადო. ბოლოს ეს შეხვედრა პირველ ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გადაიდო. 

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები 12-ჯერ გახდა. წლეულს "ბორჯღალოსნები" ზედიზედ მესამედ გახდნენ ჩემპიონები. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ზუსტად 100 მატჩი გამართა, რომელთაგან 83 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 13 წააგო. 

რაც შეეხება 2021 წლის ტურნირს, მასზე უახლოეს დღეებში (სამშაბათს რაგბი ევროპის დირექტორთა ბორდის სხდომაა ჩანიშნული) იმსჯელებენ და კალენდარსაც დაადგენენ, მას მერე, რაც პრინციპულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ბოლო ტურის მატჩების თაობაზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები