Thumbnail
  • 'თვისობრივად სხვა გუნდი ვართ, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ვიყავით'
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ინტერვიუ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იმ სარგებლებზე ისაუბრა, რაც "შემოდგომის ერთა თასმა“ ქართულ რაგბს მისცა. შეგახსენებთ, რომ ისტორიული ტურნირი 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა და საქართველომ ინგლისის, უელსის, ირლანდიისა და ფიჯის წინააღმდეგ ითამაშა. მანამდე სამი კვირით ადრე, შოტლანდიასთან გასახურებელი ტესტ-მატჩი ვეთამაშეთ. მაისაშვილმა გასულ ტურნირზე კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდთან გააკეთა:

"არასწორი მოლოდინები აჩენს დიდ იმედგაცრუებას. ჩვენ კარგად გვესმოდა რა დონის გუნდებთან მოგვიწევდა თამაში, თანაც მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ახალ გუნდს ვაშენებთ და თავიდანვე განისაზღვრა მიზანი – თამაშიდან თამაშამდე გავზრდილიყავით, უკეთესი რაგბი გვეთამაშა და გვქონოდა პროგრესი. პირადად მე ვთვლი, რომ ამ პერიოდში ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა და ახლა თვისობრივად სხვა გუნდი ვართ, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ვიყავით.

შოტლანდიასთან მატჩისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ, მორაგბეთა დიდი ნაწილი დიდი ხნის უთამაშებელი იყო და შედეგიც სახეზეა. განსაკუთრებით დავიჩაგრეთ შეჯგუფებებში. მაგრამ ჩვენ ვაშენებთ ახალ გუნდს, რომელსაც შეთამაშება ჭირდება და დარწმუნებული ვიყავით, თამაშიდან თამაშამდე უკეთესობა იქნებოდა. მეორე ხაზს თუ შევხედავთ, ბოლო პერიოდში გუნდი დატოვეს ამ პოზიციის მორაგბეებმა – გიორგი ჩხაიძემ, ლევან დათუნაშვილმა, შალვა სუთიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ და მამუკა გორგოძემ. იმ შემადგენლობიდან დაგვრჩა მხოლოდ კოტე მიქაუტაძე, რომელიც ნაოპერაციები იყო, დიდი ხანი გაუცდა და არ იყო საუკეთესო ფორმაში.

ჩვენ დავუძახეთ ყველას, ვისი ნახვაც მეორე ხაზში შიძლებოდა. გიორგი ჯავახია, გრიგორ ქერდიყოშვილი და ლაშა ჯაიანი, ფაქტობრივად დებიუტანტები იყვნენ, ნაკრებში თითო-ოროლა თამაში ჰქონდათ ჩატარებული და უცებ ამ დონის მოწინააღმდეგეებთან მოუწიათ თამაში. ჩატარდა უდიდესი სამუშაო და ამ ახალგაზრდა ბიჭებმა მოკლე პერიოდში არანორმალური პროგრესი განიცადეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ამ პოზიციაზე გამოუვალი მდგომარეობა აღარ გვაქვს და ეს ბიჭები ერთმანეთთან კონკურენციით კიდევ უფრო გაიზრდებიან. ყოველ მომდევნო თამაშში უკეთესი იყო ჩვენი მოლი. თუ არ ჩავთვლით ირლანდიასთან მატჩს, დერეფანში პრაქტიკულად ყველა ჩვენი ბურთი წავიღეთ. გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად ამ ბიჭებს მოუვათ ჯანი, შეთამაშდებიან, მოერგებიან პირველ ხაზს და მომავალში ჩვენი შერკინება და მოლი ისევ იქნება დომინანტი“.

შოტლანდია - საქართველო
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

"შემოდგომის ერთა თასზე“ ნათამაშებ გაფართოებულ შემადგენლობას თუ გადავხედავთ, გუნდის ნახევარი – 18 მოთამაშე 24 და უფრო პატარა ასაკის მორაგბეა, რომელთა დიდმა ნაწილმა პირველი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო რაგბში:

"ტურნირზე ფაქტობრივად 11 დებიუტანტი გვყავდა, რომელთა ნაწილს ნაკრებში თითო-ოროლა თამაში ქონდა ჩატარებული, ნაწილი კი დებიუტანტი იყო. ასევე გვყავდა ლუკა მატკავა, რომელსაც თამაში არ მოუწია, მაგრამ ის პერსპექტიული ბიჭია, ამ ეტაპზე გამოცდილება მხოლოდ შეკრებაზე მიიღო და მომავალში აუცილებლად მოუწევს თამაში. კვესელაძე ნაკრებში ფრთაზე თამაშობდა, ახლა კი ცენტრში დაიმკვიდრა ადგილი, რაც ნდობის და მუშაობის შედეგია. წლების განმავლობაში ამ პოზიციაზე უცვლელად თამაშობდა დავით კაჭარავა და მარტივი არაა მისი ჩანაცვლება. მას ქონდა შეცდომები და შეცდომას ყველა მოთამაშე უშვებს, მაგრამ სწორედ ამ შეცდომებით ვიზრდებით და ვითარდებით.

ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ნაკრებში ამა თუ იმ მორაგბის გამოძახებას მოითხოვენ. მე მაქვს ჩემი ხედვა და ამის მიხედვით ხდება სელექცია. ვითვალისწინებთ მოთამაშის საერთო უნარ-ჩვევებს, ფიზიკურ კონდიციებს, კონკრეტულ პოზიციაზე მის უნარებს. კონკრეტულ თამაშზე სელექცია ხდება ვარჯიშებზე აქტივობით. ჩვენ ვიღებთ და ვარჩევთ ყველა ვარჯიშს. ვაკვირდებით როგორ ასრულებს მოთამაშე ვარჯიშებზე კონკრეტულ დავალებებს ტექნიკურად და როგორ ფიზიკურ კონდიციაშია. ჯიპიეს სისტემით ვამოწმებთ მოთამაშის ენერგიის საერთო მოცულობას, აჩქარებას, მაღალი სიჩქარით გადაადგილებას და ა.შ. ყველა მოთამაშეს თავისი კრიტერიუმი აქვს და მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაეცნონ მონაცემებს, ვეუბნებით რაზე აქვთ სამუშაო.

არის შემთხვევები, როდესაც მოთამაშეს აქვს ტრავმა, ან არაა სასურველ ფორმაში და ამის გამო ვერ მოხვდეს შემადგენლობაში. ძალიან ბევრი რამის აწონვა გვიწევს. ხშირი იყო საუბრები ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით, მაგრამ, ამ პოზიციაზე გვყავდა ორი მოთამაშე, რომლებიც ამოცანას თავს კარგად ართმევდნენ და მესამე ბურჯი, რომელიც ორივე პოზიციას ფარავს. მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მქონდა ზურასთან საუბარი და ძალიან ბევრი საკითხი გავიარეთ. მე მესმის გულშემატკივრის, როდესაც ამა თუ იმ მოთამაშის დაყენებას ითხოვს, მაგრამ ესაა ემოცია, შემადგენლობის შერჩევას კი წინ ძალიან დიდი სამუშაო უძღვის“.

ირლანდია - საქართველო
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

"შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნებმა საუკეთესო თამაში ირლანდიასთან ჩაატარეს. "ავივაზე“ მასპინძლებმა 23:10 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანეს:

"პროცესი თანმიმდევრულად წარიმართა, რისი შედეგიც ირლანდიასთან თამაში იყო. მანამდე კარგად ვითამაშეთ უელსთან, მაგრამ არაერთმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა აღნიშნა, რომ არბიტრმა შერკინებებში გაურკვეველი გადაწყვეტილებები მიიღო და ეს შედეგზე აისახა. არავის არაფერს ვაბრალებთ, მაგრამ ეს იყო ობიექტური ხელისშემშლელი. უელსელები შერკინებაში სიმძიმის ღერძს ცვლიდნენ და ამაზე მსაჯს რეაგირება არ ჰქონდა. ირლანდიასთან მშრალი ამინდი იყო და ბურთის კონტროლი უკეთ შევძელით. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის პირველ შემადგენლობას ვეთამაშეთ და იყო შეცდომებიც. მაგრამ უფრო მეტი პოზიტივი – გავიტანეთ ტურის საუკეთესო ლელო, დამუშავებული კომბინაციის შემდეგ. კვესელაძემ თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა, თუმცა იმუშავა მიყოლამ და მას გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა. პოზიტიური იყო ისიც, რომ მეორე ტაიმში მხოლოდ 3 ქულა მივიღეთ.

მიუხედავად მარცხისა, პოზიტიური მომენტები ფიჯისთან მატჩშიც გვქონდა. ძალიან დიდი იყო ფსიქოლოგიური წნეხი, რასთან გამკლავებაც გაგვიჭირდა და დებიუტში 19 უპასუხო ქულა მივიღეთ, თუმცა შევძელით და თამაშში დავბრუნდით. პირველი ტაიმის ბოლოს კიდე 3 ქულის აღება შეიძლებოდა, მაგრამ ემოციამ იძალა და შერკინება ავირჩიეთ, სადაც გვქონდა დომინაცია, თუმცა მსაჯისგან ამას რეაქცია არ მოყოლია. ჩვენ თავად დავუშვით შეცდომები, თამაში მოწინააღმდეგის მხარეს ვერ გადავიტანეთ, ინდივიდუალურად ვერ გავაჩერეთ ფიჯის მსოფლიო დონის უკანახაზელები და მივიღეთ ლელოები. მოწინააღმდეგის მოთამაშეებს ფიზიკურად ვერ მოვერიეთ და ფიქრია საჭირო, რათა სხვა დროს მსგავს სიტუაციებში მოვახდინოთ გადაზღვევა. ასევე ისე უნდა ვითამაშოთ შეტევაში, მსაჯს საკამათო გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი არ ჰქონდეს. და მაინც, მთავარი ისაა, რომ ბოლომდე დავრჩით ბრძოლაში, ფსიქოლოგიურად გარდატეხა მოვახერხეთ და ბოლოს ორი ლელოც გავიტანეთ“.

საქართველო - ფიჯი
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

მაისაშვილი თვლის, რომ ახალგაზრდული შემადგენლობით დაკომპლექტებული საქართველო, რომელმაც ტურნირზე სერიოზული გამოცდილება შეიძინა, პირველ ხელშესახებ შედეგს 2023 წლის მსოფლიო თასზე, საფრანგეთში დადებს. მანამდე, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს განვითარება და გაიზარდოს კონკურენცია:

"2023 წლის მსოფლიო თასი არის პირველი პიკი, სადაც შედეგი უნდა მივიღოთ. გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების სინთეზით, შესაძლებელია ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბება. ჩვენ არ გავჩერდებით და გავაგრელებთ ახალი მოთამაშეების ძებნას. ჯერ კიდევ გვაქვს პოზიციები, სადაც სიღრმეები პრობლემად რჩება. ასევე პრობლემაა ფეხით თამაში, რაც ტაქტიკური მონახაზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ასეთი დონის გუნდებთან მუდმივ რეჟიმში თამაშით, ვნახეთ, რომ აქ პატარა შეცდომასაც კი არავინ გპატიობს. ასე არ ხდება რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და სანამ პირადად არ ნახავ რა და როგორ არის ტიერ1-ის ქვეყნებთან, ძნელია დაიჯერო. ამ ტურნირის წყალობით ბევრი უნარ-ჩვევა უკვე ინსტიქტის დონეზე გვაქვს, გავიზარდეთ დისციპლინის და შრომისმოყვარეობის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობის დასახელება ადრე გვიხდებოდა, განაცხადს მიღმა დარჩენილი მორაგბეებიც სრულად იყვნენ ჩართულნი მზადების პროცესში, გაათმაგებული მონდომებით ვარჯიშობდნენ და ამით ხელს უწყობდნენ საერთო პროცესს, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

იმისათვის, რომ საქართველომ განვითარება განაგრძოს და პირველი დონის გუნდებს გაუთანაბრდეს, მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი – ამ დონის გუნდებთან ხშირი თამაში და ნაკრების კანდიდატებისთვის მაღალი დონის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა. მაისაშვილი გამოსავალს პროფესიონალური დიდი 10-ის და ფრანჩაიზის ჩამოყალიბებაში ხედავს:

ლევან მაისაშვილი მომავალს იმედიანად უყურებს
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

"საქართველომ ამ ტურნირზე თავი კარგად წარმოაჩინა და ეს საერთაშორისო პრესამაც აღნიშნა. მაგრამ მიღწეულს შენარჩუნება უნდა, რაც ურთულესი პროცესია. აუცილებელია, რომ ნაკრების კანდიდატები კვირიდან კვირამდე თამაშობდნენ მაღალი ხარისხის თამაშს. სამწუხაროდ, დიდი 10-ის დონე ახლოსაც ვერ მივა იმ სტანდარტებთან, რისი სურვილიც გვაქვს და ლეგიონერებსაც სულ უფრო ნაკლები სათამაშო დრო აქვთ კლუბებში. ასეთ პირობებში აუცილებელია, რომ რაც შიძლება მალე ჩამოყალიბდეს ფრანჩაიზი, რომელიც ჩაერთვება მაღალი დონის ტურნირში და თუნდაც გუნდების შემცირების ხარჯზე, დიდი 10 გახდეს პროფესიონალური ტურნირი. შიდა ჩემპიონატის დონის აწევა შესაძლებელია და ამას ჭირდება ფიქრი, გადაწყვეტილების მიღება.

არის მეორე მომენტი. კვირის ბოლომდე სამწვრთნელო შტაბის ყველა დეპარტამენტისგან მექნება კონკრეტული ანგარიშები. მოხდება შეჯამება – რა დავგეგმეთ, რა გამოგვივიდა, რა ვერ შევასრულეთ. შეჯამებული ანგარიში გაეგზავნება ყველა მოთამაშეს და მათ ეცოდინებათ რაზე უნდა იმუშაონ უფრო მეტი, სად აქვთ მოსამატებელი. ყველა მოთამაშე ვალდებულია, რომ კლუბში იბრძოლოს საკუთარი პოზიციისთვის და იყოს არა მესამე, არამედ მინიმუმ მეორე ნომერი. ეს მნიშვნელოვანია მენტალურად. ნაკრების მოთამაშეს რაც შეიძლება დიდი სათამაშო დრო უნდა ჰქონდეს, რადგან მესამე ნომრობა პრაქტიკულად უთამაშებლობას ნიშნავს, რაც სანაკრებო სივრცეზე უარყოფითად აისახება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სარაგბო ნაკრებმა "შემოდგომის ერთა თასზე" ოთხივე მატჩი წააგო: ინგლისთან (0:40), უელსთან (0:18), ირლანდიასთანა (10:23) და ფიჯისთან (24:38) და ბოლო მე-8 ადგილი დაიკავა. მანამდე იყო შოტლანდიასთან ტესტ-მატჩი, რომელიც "ბორჯღალოსნებმა" 7:48 დათმეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები