Thumbnail
  • ევროპალიგის პლეი ოფის ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა
  • გადამწყვეტ ეტაპზე ლოჩოშვილი, გიორბელიძე და ხოჭოლავა ითამაშებენ
  • 1/16 ფინალის წილისყრა 14 დეკემბერს გაიმართება

ევროპალიგის მე-6 ტურში გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერმა როტერდამის ფეიენოორდს 1:0 მოუგო და ჯგუფური ეტაპის ბარიერი დაძლია. ავსტრიული გუნდი ევროპალიგაზე პირველად ასპარეზობდა და სადებიუტო ტურნირზევე მოახერხა პლეი ოფის საგზურის მოპოვება.

სასიხარულოა, რომ ლუკა ლოჩოშვილი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე პლეი ოფის მატჩებისთვის გურამ გიორბელიძეც დაიმკვიდრებს გუნდში ადგილს და მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

ესპანურმა სოსიედადმა პლეი ოფის საგზური დამატებით დროში მოიპოვა. ვილიან ჟოზემ 92-ე წუთზე ნაპოლისთან გაათანაბრა და ბასკებს უმნიშვნელოვანი ქულა მოუტანა, რითიც იმანოლ ალგუასილის გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბარიერი დაძლია. აღსანიშნავია, რომ ესპანელებს რიკა დაეხმარათ, რომელმაც ალკმაარს სძლია და ნიდერლანდელები ჯგუფში ჩატოვა.

ინტრიგა კიდევ ორ მატჩში იყო - იანგ ბოიზმა კლუჟს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 2:1 მოუგო და პლეი ოფში გავიდა, ხოლო მაკაბიმ სივასპორს 1:0 სძლია და 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა. ევროპალიგის მე-6 ტურში ვილიარეალისა და ყარაბაღის მატჩი გადაიდო, რადგანაც აზერბაიჯანული გუნდის მოთამაშეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ევროპალიგაზე ითამაშებს დავით ხოჭოლავას შახტარი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ევროპალიგაზე საქართველოს 3 წარმომადგენელი ეყოლება - ორი ვოლფსბერგერში და ერთიც შახტარში.

1/16 ფინალის ყველა მონაწილე 

განთესილები: რომა, არსენალი, ლევერკუზენი, რეინჯერსი, პსვ ეინდჰოვენი, ნაპოლი, ლესტერი, მილანი, ვილიარეალი, ტოტენჰემი, დინამო ზაგრები, ჰოფენჰაიმი, მანჩესტერ იუნაიტედი, ბრიუგე, შახტარი, აიაქსი

განუთესავები: იანგ ბოიზი, მიოლდე, სლავია, ბენფიკა, გრანადა, რეალ სოსიედადი, ბრაგა, ლილი, მაკაბი თელ ავივი, ანტვერპენი, ვოლფსბერგერი, ცრვენა ზვეზდა, კრასნოდარი, ზალცბურგი, დინამო კიევი, ოლიმპიაკოსი

კომენტარები

ბოლო ამბები