Thumbnail
  • 2021/22 წლის ევროსეზონში ბევრი სიახლეა, განსაკუთრებით ქართული კლუბებისთვის
  • დინამო ბათუმი, გორის დილა და გაგრა ახალ ტურნირზე ითამაშებენ
  • არც ის არის გამორიცხული, რომ ამ ტრიოს დინამო თბილისიც შეუერთდეს 

საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა და ყველა ევროსაგზურის ბედი გაირკვა. ისევე, როგორც ბოლო სეზონებში, ახლაც ევროთასებზე 4 ქართული კლუბი მიიღებს მონაწილეობას. რაოდენობა იგივეა, თუმცა დანარჩენი თითქმის ყველაფერი შეიცვალა. 

FC DINAMO BATUMI

ზედიზედ მეორედ, დინამო ბათუმი საქართველოს ვიცე-ჩემპიონია - მიმდინარე სეზონმა ბევრი კარგი მოგონება დაგვიტოვა! 💙 [სეზონი 2020]

Posted by FC Dinamo Batumi on Thursday, December 10, 2020


2021 წლიდან უეფა კიდევ ერთ ევროტურნირს იწყებს (პრეცედენტი ადრეც ყოფილა - იყო თასების მფლობელთა თასი, არსებობდა ინტერტოტოს თასიც) - ზაფხულიდან ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგას ემატება კონფერენსლიგა. ახალი ტურნირის პირველი მატჩები 8 ივლისს გაიმართება. სწორედ ამ ახალ ტურნირზე და არა ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს ქართული ტრიო (ქვეყნის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე რჩება). 

📌 მოკლედ, ქართული კლუბები 2021 წლის ზაფხულში ითამაშებენ:

🥇 დინამო თბილისი [ჩემპიონი] - თავიდან, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ტურნირზე
🥈 დინამო ბათუმი [ვიცე-ჩემპიონი] - კონფერენსლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი
🥉 დილა [მე-3 ადგილი] - კონფერენსლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი
🏆 გაგრა [თასის მფლობელი] - კონფერენსლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი

დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეთვრამეტედ გახდა და ჩისკოს გუნდი 2021/22 წლების სეზონის ევროთასებზე ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს (არის კიდევ წინასაკვალიფიკაციო ეტაპიც). დინამოს გარდა, უკვე გარკვეულია, რომ ამ ეტაპიდან ჩაებმებიან ბრძოლაში ბოდო გლიმტი (ნორვეგია), ჟალგირისი (ლიეტუვა), ფლორა (ესტონეთი), ქაირათი (ყაზახეთი), რიგა (ლატვია), მალმიო (შვედეთი), შახტიორი (ბელარუსი), შემროკ როვერსი (ირლანდია), ვალური (ისლანდია). დინამოს აქვს შანსი, რომ ევროპალიგაზე გადაერთოს - თუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში დამარცხდება. სხვანაირად ქართული კლუბი რანგით მე-2 ევროტურნირზე ვერაფრით ითამაშებს.

სიახლე: დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო წრეში მარცხის შემთხვევაშიც არ წყვეტს ევროთასებზე ასპარეზობას

ევროპალიგის რეფორმა

მთავარი ამბავი ის არის, რომ უეფამ ახალი ტურნირით ევროპალიგის განტვირთვა და მისი პრესტიჟის ამაღლება განიზრახა. ჯგუფურ ეტაპზე კლუბების რიცხვი მცირდება, იქნება 32 (როგორც ჩემპიონთა ლიგაზე). ამ ტურნირზე თამაშის უფლება ექნებათ TOP 5 ევროპული ლიგის 2-2 კლუბს (ლა ლიგა, პრემიერლიგა, ბუნდესლიგა, სერია A და, უდიდესი ალბათობით, ლიგა 1). უეფას კოეფიციენტით მე-6 - მე-15 ეროვნულ ლიგებს კი ტურნირზე თითო კლუბის მივლენა შეუძლიათ.

ეს ტურნირებია: პორტუგალიის ჩემპიონატი (თუ კოეფიციენტით სეზონის ბოლოს ლიგა 1-ს არ გაუსწრო), რუსეთი, ბელგია, უკრაინა, ნიდერლანდები, თურქეთი, ავსტრია, შოტლანდია... ბოლო 2 საგზურისთვის ბრძოლა სერიოზულია. ამ ეტაპზე კოეფიციენტით მე-14 დანიის ჩემპიონატია, მე-15 - კვიპროსი. შანსი აქვთ სერბეთს, საბერძნეთს, შვეიცარიას, ხორვატიასა და ისრაელს. საქართველო უეფას კოეფიციენტთა ცხრილში 43-ეა (+1 შარშანდელთან შედარებით) და ცხადია, ევროპალიგაზე გუნდის გაყვანის უფლება არ აქვს და კარგა ხანს არ ექნება. 

ახალი ევროტურნირი - კონფერენსლიგა

უეფას კონფერენსლიგა 2021/22 წლების სეზონიდან, ანუ ზაფხულში იწყება. ჯგუფურ ეტაპზე აქაც 32 კლუბი იქნება და იქ მოხვედრა გარანტირებული არავის ექნება. შესარჩევი ეტაპით 22 კლუბი მოიპოვებს ძირითად ეტაპზე თამაშის უფლებას, რომელთაც ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში დამარცხებული 10 კლუბი დაემატება. ასე რომ, კონფერენსლიგაში მაინც მოხვდებიან ძლიერი საკლუბო ჩემპიონატების წარმომადგენლები. მათი მოხვედრის სხვა გზებიც არსებობს, ამაზე ქვემოთ...

შესაძლებელია თუ არა, რომ ოთხივე ქართული კლუბი კონფერენსლიგაში აღმოჩნდეს? დიახ, ეს შესაძლებელია. 

კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 70 კლუბს შორის იქნება ქართული ტრიოც: ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი, გორის დილა და გაგრა. აქ ყველაფერი მარტივადაა: ეს კლუბები დაიყოფიან განთესილებად და განუთესავებად და ჩატარდება წილისყრა. კლუბები 35 წყვილს შექმნიან და 35 გამარჯვებული გადადის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 2021 წლის 8 და 15 ივლისს გაიმართება. 

კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი

პირველი ეტაპის 35 გამარჯვებულს მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ემატებიან: 

ეროვნული თასების 16 გამარჯვებული (უეფას კოეფიციენტით 16-31 ქვეყნებიდან)
14 ვიცე-ჩემპიონი (16-29 ქვეყნებიდან), 
15 მესამეადგილოსანი (14-28)
9 მეოთხეადგილოსანი (7-15)
1 მეხუთეადგილოსანი უეფას რანგით მე-6 ქვეყნიდან (დიდი ალბათობით, პორტუგალია).

ჯამში 90 კლუბი შექმნის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის "მთავარ გზას", მაგრამ რჩება "ჩემპიონთა გზაც".  "ჩემპიონთა გზაზე" 20 კლუბია, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის წინასაკვალიფიკაციო და პირველი საკვალიფიკაციო წრეებიდან გავარდებიან. თუ საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი პირველივე ეტაპზე დამარცხდება, მისთვის ევროთასები არ დასრულდება, როგორც აქამდე იყო, არამედ, გადავა კონფერენსილიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე. 

მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის 22 და 29 ივლისს გაიმართება.

კონფერენსლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი

"მთავარი გზიდან" გასულ 45 კლუბს და "ჩემპიონთა გზიდან" გასული 10 გუნდს (ჯამში 55 გუნდი) ემატება:

7 მესამეადგილოსანი (უეფას კოეფიციენტით 7-13 ქვეყნები)

თუმცა "ჩემპიონთა გზა" არ ერწყმება მთავარს და იქიდან გამოსული 10 კლუბი ერთმანეთში გაითამაშებს კონფერენსლიგის პლეი ოფის 5 საგზურს. მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი 2021 წლის 5 და 12 აგვისტოს გაიმართება.

კონფერენსლიგის პლეი ოფი

ამ ეტაპზეც რჩება ორი გზა: ჩემპიონთა და მთავარი. "ჩემპიონთა გზის" 5 გამარჯვებულ კლუბს ემატება 5 კლუბი, რომლებიც გამოვარდებინა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან (ჩემპიონთა გზა). აქაც შეიძლება აღმოჩნდეს დინამო თბილისი - თუ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოს გაივლის, მეორეში დამარცხდება, საიდანაც ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრეში მოხვდება და იქ დამარცხდება. 

პლეი ოფის "მთავარ გზაზე" ითამაშებს წინა ეტაპის "მთავარი გზის" 26 გამარჯვებული. მათ ემატებიან:

1 მე-4 ადგილოსანი (უეფას კოეფიციენტით მე-6 ქვეყნიდან. ალბათ, პორტუგალია)
1 მე-5 ადგილოსანი (მე-5 ქვეყნიდან, ალბათ, საფრანგეთი)
3 მე-6 ადგილოსანი (ლა ლიგა, სერია A, ბუნდესლიგა)
1 ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული
2 დამარცხებული ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრიდან (მთავარი გზა).

კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფი 2021 წლის 19 და 26 აგვისტოს გაიმართება. 

კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპი

საბოლოოდ, მიზანს მიაღწევს 17 გამარჯვებული წინა ეტაპის "მთავარი გზიდან", 5 გამარჯვებული წინა ეტაპის "ჩემპიონთა გზიდან" და 10 დამარცხებული ევროპალიგის პლეი ოფიდან (კიდევ ერთი ვარიანტი, დინამო თბილისის ამ ტურნირზე გადმოსვლის). ასე შედგება რვა 4-გუნდიანი ჯგუფი. ჯგუფური ეტაპი 2021 წლის 16 სექტემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.

ჩახლართული სქემა ამით არ სრულდება - ჯგუფების მე-2 ადგილოსნები (8 გუნდი) და 8 მესამეადგილოსანი ევროპალიგის ჯგუფებიდან ქმნიან წინასწარ პლეი ოფს, რომელთაგანაც 8 საუკეთესო 1/8 ფინალში გადის, სადაც მათ დახვდებათ კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის 8 გამარჯვებული. წინასწარი პლეი ოფი 2022 წლის თებერვალშია, 1/8 ფინალები მარტში. კონფერენსლიგის ისტორიულ, პირველ ფინალს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა უმასპინძლებს, სტადიონი "ეარ ალბანია". ეს 22.5 ათასიანი სტადიონი 2019 წელს გაიხსნა ყოფილი "ქემალ სტაფას" ადგილზე.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

ქართული ტრიოს გარდა უკვე რამდენიმე სხვა კლუბმაც მოიპოვა კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური: პანევეჟისი, სუდოვა, კაუნო ჟალგირისი (ლიეტუვა), ლიეპაია, რიგასი, ვალმეირა (ლატვია), დანდალკი, ბოჰემიანსი, სლიგო როვერსი (ირლანდია), ინტერი, კუპს, ჰონკა (ფინეთი), ფჰ, სტიარნანი, ბრეიზაბლიკი (ისლანდია), პაიდე (ესტონეთი), რუნავიკი (ფარერები). 

უკვე კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი აქვს განაღდებული ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის ტობოლს და კიდევ რამდენიმე გუნდს. 

კომენტარები

ბოლო ამბები