Thumbnail

ინგლისური ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში დანიურ მიდტიულანდთან მატჩს გამოეხმაურა და VAR-ის სისტემის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. გერმანელ სპეციალისტს ამის კონკრეტული მიზეზი ჰქონდა.

“მატჩის ბოლოს გოლის გატანა მოვახერხეთ, თუმცა, მისი გაუქმება ვიდეოასისტენტის კარნახის გამო მოხდა, რომელმაც სადიო მანეზე ხელით თამაში დაინახა. ამას გარდა, VAR თამაშის მიმდინარეობაში კიდევ არაერთხელ ჩაერთო. ამან ძალიან დიდი დრო წაიღო. განმეორებები არ მინახავს და არ ვიცი, გადაწყვეტილებები რამდენად სწორი იყო, თუმცა, ამ პროცესს ყოველ ჯერზე 3-4 წუთი მიჰქონდა. უკვე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც იტყვიან: “ღმერთო ჩემო, კლოპი ისევ ამაზე საუბრობს?”. თუმცა, ვერ გავჩუმდები. მომენტების გადამოწმება იწელებოდა, მინდორზე კი ძალიან ციოდა და უქმად მყოფი ფეხბურთელები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, უბრალოდ იყინებოდნენ. ადრე ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ VAR კარგი იდეა იყო, მაგრამ გამოგიტყდებით და ნელ-ნელა აზრი მეცვლება. სამწუხაროა, რომ გვაქვს ასეთი სისტემა, რომელთან შეგუებაც გვიწევს”.

შეგახსენებთ, რომ დანიაში გამართულ მატჩში ლივერპული პირველივე წუთზე მოჰამედ სალაჰის გოლით დაწინაურდა, თუმცა, მე-2 ტაიმში პენალტი გაუშვა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა. მიუხედავად ამისა, ინგლისურმა გრანდმა 6 მატჩში 13 ქულა მოაგროვა და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ჯგუფში პირველი ადგილიდან გააღწია.

📺 მიდტიულანდი 1:1 ლივერპული [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები