Thumbnail

7 დეკემბრის წილისყრაზე საქართველოს ნაკრები 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ნაკრებთან მოხვდა, რომელიც B ჯგუფის უპირობო ფავორიტია. 

მადრიდულმა "დიარიო AS-მა" ესპანეთის ყველა მეტოქე შეაფასა. აი, რას წერს პოპულარული გამოცემა საქართველოს ნაკრებზე, რომელსაც ამჟამად მთავარი მწვრთნელი არ ჰყავს:

"საქართველო - ცუდი მოგონება. ბოლო მატჩი, რომელიც ამხანაგური იყო, კავკასიელებმა მოიგეს. მაშინ დაიწყო ვლადიმირ ვაისის კარიერა საქართველოს ნაკრებში, რომელიც ახლახან გადადგა, მას მერე, რაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა - პლეი ოფის ფინალში მაკედონიასთან დამარცხდა. მან გუნდი უფრო მაღალ დონეზე დატოვა, ნაკრებში კარგი ცენტრალური მცველები არიან: ხოჭოლავა, კვერკველია, დვალი... შეტევას კი ხარისხი აკლია. ქართველები ენთუზიაზმით ელიან ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესს, რუბინის 19 წლის ნახევარმცველი ნაკრების ნამდვილი ლიდერი იყო ბოლო მატჩებში. მას და ოქრიაშვილს შეუძლიათ შეტევაში განსხვავებულის შემოთავაზება". 

ესპანური გამოცემა, როგორც ხედავთ, გიორგი ჩაკვეტაძეს საერთოდ არ ახსენებს. ეს ალბათ, მისი ტრავმით არის განპირობებული, გენტის ნახევარმცველი 2020 წელს თითქმის ვერაფრით დაეხმარა ეროვნულ გუნდს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს, რომელსაც 2022 წელს ყატარი უმასპინძლებს, ჯგუფების 10 გამარჯვებული მიიღებს. კიდევ 10 გუნდი, რომლებიც მეორე ადგილს დაიკავებენ, პლეი ოფში ითამაშებს. მათ ასევე დაემატება ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებული, რეიტინგით საუკეთესო ის 2 ნაკრები, რომლებსაც მუნდიალის საგზური შესარჩევი ტურნირიდან გარანტირებული არ ექნებათ. ეს 12 გუნდი 2022 წლის მარტში სამრაუნდიან პლეი ოფს ჩაატარებს და საბოლოოდ, ყატარის საგზურის კიდევ 3 ევროპული ნაკრები მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები