Thumbnail

საერთაშორისო სააგენტო AFP-მ (Agence France-Presse) "შემოდგომის ერთა თასი" (8 ერი) შეაჯამა სტატიით - "ხუთი რამ, რაც შემოდგომის ერთა თასიდან ვისწავლეთ". ერთ-ერთი პუნქტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეეხება, რომელიც ამ ტურნირზე ექვსი ერის ორგანიზაციამ მიიწვია.

AFP-ის ხუთი დასკვნა შემოდგომის ერთა თასიდან

1. საფრანგეთს ძალიან ბევრი კარგი მორაგბე ჰყავს

2. ფიჯიმ და საქართველომ თავიანთი ნაკვალევი დატოვეს

3. შოტლანდიის კაპიტანი ჰოგი ნამდვილი ტალანტია, მაგრამ უხეშ შეცდომებს უშვებს

4. ინგლისის ნაკრები საუკეთესო რაგბის არ თამაშობს, მაგრამ მენტალურად ძლიერია 

5. ინგლისურენოვანი მსაჯების გამო ფრანგებს პრობლემები აქვთ

სააგენტო წერს, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ლამის სათადარიგო შემადგენლობით კინაღამ მოიგო ტურნირი და ეს 2023 წლის მსოფლიოს თასის წინ სასიკეთო ნიშანია "სამფეროვნებისთვის", ტურნირი ხომ საფრანგეთში გაიმართება - ნაკრების შემადგენლობას სიღრმე ახასიათებს, რესურსი დიდია. შოტლანდიის კაპიტანი სტიუარტ ჰოგი ნამდვილი ტალანტია, მაგრამ ის ხშირად უშვებს შეცდომებს, რის გამოც ყურადღების ცენტრში ხვდება ასე იყო ფრანგებთან ჯგუფური მატჩის ბოლო წამებზე და ასე იყო ირლანდიასთან შეხვედრაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ნაკრები არცისე შთამბეჭდავად თამაშობს, ედი ჯონსის გუნდი მენტალურად ძლიერია, რაც ფინალურ მატჩშიც დაამტკიცა. 

საყოველთაო შეფასებით, საქართველო v ფიჯი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო

აი, რას წერს სააგენტო ფიჯისა და საქართველოს ნაკრებების გამოსვლაზე:

"ბედი სასტიკად მოექცა ფიჯის, რადგან Covid-19-ის გამო, მათ ტურნირზე მხოლოდ ერთი მატჩის გამართვა მოუწიათ. მაგრამ მათ ამ მატჩში საოცრად ითამაშეს, ნემანი ნადოლომ ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო ფიჯიმ საქართველო 38:24 დაამარცხა.

საქართველოს მატჩი არ მოუგია, მაგრამ მათ ტურნირის განმავლობაში მოუმატეს, რადგან ტოპგუნდებთან თამაშის იშვიათი შანსი გამოიყენეს. გიორგი კვესელაძემ კი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ლელო გაიტანა ირლანდიასთან 10:23 დასრულებულ შეხვედრაში. მაგრამ ეკონომიკური ფაქტორი, რის გამოც შეიქმნა ეს ტურნირი, რათა არ დაკარგულიყო შემოსავლები სანაკრებო მატჩებისგან, გაისად საქართველოს ისევ 6 ერის მიღმა დააბრუნებს. ექვსი ერის შეფი ხშირად იმეორებს, რომ არ არსებობს შანსი, საქართველომ ელიტაში მუდმივი მაჩანჩალა იტალია შეცვალოს". 

შეგახსენებთ, რომ "შემოდგომის ერთა თასი" ექვსი ერის ორგანიზაციამ ნოემბრის ტესტების სანაცვლოდ მოაწყო, ტურნირზე დაპატიჟეს ფიჯისა და საქართველოს ნაკრებები, რომელთაც, შესაბამისად, მე-7 და მე-8 ადგილები დაიკავეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები