Thumbnail

ოთარ კიტეიშვილი ტურის სიმბოლურში სუპერშეფასებით მოხვდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ოთარ კიტეიშვილს აუსტრიასთან დუბლი დაუფასდა
  • ქართველმა ფეხბურთელმა რთული პერიოდი გამოიარა

გრაცის შტურმის ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 24 წლის ფეხბურთელმა ვენის აუსტრიასთან სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა და ორი ეფექტური გოლი გაიტანა.

Sofascore-მა კიტეიშვილის თამაში 9.1 ქულით შეაფასა და სიმბოლურში ამაზე მაღალი შეფასება არავის მიუღია (კოფი შულცს დაუწერეს იგივე ქულა).

Team of the Week provided by SofaScore LiveScore


კიტეიშვილისთვის მიმდინარე სეზონი არცისე კარგად დაიწყო - ჯერ კორონავირუსი ჰქონდა, მერე სერიოზული ტრავმა, რის გამოც თვენახევარი გაუცდა და მოედანზე სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მან შტურმის მაისურით პირველად შეძლო დუბლის შესრულება.

ოთარმა ავსტრიულ გამოცემა Krone-სთან იმ რთულ პერიოდზე ისაუბრა, რომელიც გამოიარა:

ოთარ კიტეიშვილი: "ჯერ კორონავირუსი მქონდა, ნორმალურად ვიყავი, მაგრამ თავს სუსტად ვგრძნობდი. შემდეგ კუნთის სერიოზული დაზიანება მივიღე და საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვანი თამაში გამოვტოვე. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პერიოდი იყო. რა შეიცვალა გასულ სეზონთან შედარებით შტურმში? კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ და პირველ რიგში ნამდვილი გუნდი გავხდით. ეს ბევრს ნიშნავს და შესაძლებელია, რომ კარგად თამაში გავაგრძელოთ, სეზონის ბოლომდეც კი".

ოთარ კიტეიშვილი (N 10) ჩვეულ ფორმას იბრუნებს

შეგახსენებთ, ოთრ კიტეიშვილი შტურმის ვიცე-კაპიტანია. მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა ავსტრიის ბუნდესლიგის 6 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა. შტურმს 9 თამაში აქვს ჩატარებული და 18 ქულით მე-4 ადგილზეა, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით 1 მატჩი გამოტოვებული აქვს. მომდევნო ტურში გრაცელები 12 დეკემბერს, ადმირას უმასპინძლებენ.

📺 ოთარ კიტეიშვილის დუბლი აუსტრიასთან

კომენტარები

ბოლო ამბები