Thumbnail
  • ტიტები 89:100 თსუ
  • საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა 19 ქულა ჩააგდო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა ნატურალიზებულმა მოთამაშე მაიკლ დიქსონმა, რომელიც მცირე ხნის წინ ტიტების წევრი გახდა, ქართულ სუპერლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა.

მანუჩარ მარკოიშვილის მიერ გაწვრთნილმა ტიტებმა თსუ-სთან 89:100 წააგო, 30 წლის დიქსონი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27:35 წუთში 19 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მაიკლმა 8-დან 5 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შეგახსენებთ, რომ დიქსონს სხვადასხვა მიზეზთა გამო, არაერთი თვე გაუცდა და ოპტიმალური ფორმისგან ძალიან შორსაა, ამდენად, აღნიშნული შედეგი ცუდი ნამდვილად არ უნდა იყოს.

ცნობისთვის, გასულ შეხვედრაში ტიტების მაისურით კიდევ სამმა ამერიკელმა კალათბურთელმა ითამაშა და ისინიც შედეგიანები იყვნენ: ბრენდენ ოუბარნსმა 21 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ტაილერ ბერტსმა – 18 ქულა და 7 მოხსნა, ხოლო ჯორდონ ტეილიმ 13 ქულა და 6 პასი. თსუ-ს მხრიდან ასევე ამერიკელები გამოირჩნენ: ქუინტინ დავი – 30 ქულა, 12 მოხსნა, ბრენდონ სილი – 26 ქულა, 8 მოხსნა და ბრის სმითი – 17 ქულა, 6 მოხსნა.

მაიკლ დიქსონ უმცროსი საქართველოს მოქალაქე 2016 წლის ივნისში გახდა. 2017 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებში იგი საშუალოდ 16.6 ქულას, 3.2 მოხსნასა და 4.2 პასს აკეთებდა. უშუალოდ ევრობასკეტზე კი მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 13.8 ქულა, 2.0 მოხსნა და 5.2 პასი. მაიკლს კარიერის განმავლობაში ჯუკიას (ლიეტუვა), პიენო ჟვაიგჟდეს (ლიეტუვა), ნიმბურკის (ჩეხეთი), აეკ-ის (საბერძნეთი), სტრასბურგის (საფრანგეთი), ბაჰჩეშეჰირის (თურქეთი), ბნეი ჰერცლიას (ისრაელი), რეჯიანასა (იტალია) და ალ იტიჰადის (ეგვიპტე) რიგებშიც უთამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები