Thumbnail
  • როჯერ ფედერერს 40 წლის ასაკში ოლიმპიური ოქროს მოპოვება სურს
  • შვეიცარიელის თქმით, ეს მისი მთავარი მიზანია

როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ 2021 წლის ზაფხულში გადაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა და ოქროს მედლის მოპოვება მისი უმთავრესი მიზანია. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული შვეიცარიელი ზაფხულში თითქმის 40 წლის იქნება, დაბადების დღე კი 8 აგვისტოს აქვს - იმ დღეს, როცა ოლიმპიადა უნდა დამთავრდეს.

“ჩემი უდიდესი მიზანია, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვიასპარეზო, - განაცხადა შვეიცარიელმა იაპონურ მედიასთან საუბრისას, - იმედი ვიქონიოთ, რომ ოლიმპიადის ჩატარება მოხერხდება. ამაზე დიდი მიზანი არ მაქვს.”

როჯერს კარიერაში დიდი სლემის 20 ტურნირი აქვს მოგებული, ჯამში ATP ტურის 103 ტურნირი მოიგო, 2008 წელს კი თანამემამულე სტენ ვავრინკასთან ერთად, წყვილებში ოლიმპიური ოქროც მოიპოვა. ერთადერთი დიდი ტიტული, რომელიც ფედერერს არ მოუგია, ერთეულთა თანრიგში ოლიმპიური ოქროა. 2012 წელს იგი ოლიმპიადის ფინალში ენდი მარისთან დამარცხდა, 2000 წელს სიდნეიში კი - ნახევარფინალი წააგო გერმანელ ტომი ჰაასთან.

2008 წელს როჯერმა ვავრინკასთასნ ერთად ოქრო წყვილებში მოიპოვა

ხსენებულ ინტერვიუში ფედერერი ასევე აცხადებს, რომ დიდ პატივს სცემს იაპონიას და იაპონურ კულტურას: “მეც და ჩემს მეუღლე მირკასაც იაპონია და მისი კულტურა ძალიან გვიყვარს. ჩემი შვილებიც კი ბევრს ლაპარაკობენ იაპონიის შესახებ.”

ახლა ფედერერი კორტზე დაბრუნებისთვის ემზადება - მან მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა და სეზონი ზაფხულში დაასრულა. “შესაძლოა, პირადად ჩემთვის ცუდი სულაც არ იყო, რომ ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო,” - აღნიშნა როჯერმა, რომელსაც დაბრუნება ავსტრალიის ღია პირველობისთვის აქვს დაგეგმილი.

როგორც იცით, ოლიმპიადა 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ტოკიოში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები