Thumbnail

'აზარის ტექნიკა და მბაპეს დარტყმა, ბარსა ოცნებაა' - რა სურს ჟორჟ მიქაუტაძეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბელგიური სერენის 20 წლის ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე 16 გოლით პროქსიმუს ლიგის ბომბარდირია და, ბუნებრივია, რომ ლიონელი ფრანგი ქართული წარმოშობით, მედიის ყურადღების ნაკლებობას არ განიცდის. ლიგა 1-ის მეცის ფეხბურთელი, რომელიც სერენში იჯარით თამაშობს, ბელგიურ RTBF-ს (Radio Télévision Belge Francophone) ესაუბრა. როგორც ამ ტელევიზიის საიტი ამტკიცებს, მიქაუტაძეს მისი რამდენიმე მეტსახელიდან ყველაზე მეტად "ჟორჟინიო" მოსწონს...

ჟორჟი სერენში თავს შესანიშნავად გრძნობს

სად სურს თამაში
"დღევანდელი და მაქსიმუმ ხვალინდელი დღით ვცხოვრობ. წინასწარ არაფერს ვგეგმავ. მაგალითად, არასდროს დამისახავს, რომ რამდენიმე წლის მერე, რომელიმე კლუბში ვითამაშებ. ახლაც არ ვიცი, მომავალ თვეებში სად ვიქნები - მეცის ხელმძღვანელობასთან ჯერ ბევრი რამ არ შეგვითანხმებია, მაგრამ ამას ჩემს აგენტს ვუტოვებ, ჩემი მოვალეობა კი თამაშია. 
როცა მითხრეს, რომ სერენში განათხოვრებას მიპირებდნენ, მაშინვე დავთანხმდი. აქ თავს კარგად ვგრძნობ. ადაპტაციამ შესანიშნავად ჩაიარა, გუნდში მუდამ მხიარულებაა. ერთია, ოჯახს კიდევ ერთხელ მოვწყდი, მაგრამ ამას უკვე შევეგუე. აქაური დონით სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, კარგი მოთამაშეები და გუნდები არიან. პრო ლიგაში გადასვლა? ვიცით, რომ ეს ძნელი იქნება, მაგრამ უნდა ვისწრაფოთ მიზნისკენ. ელიტაში აღზევება ამ კლუბისთვის ბრწყინვალე ზეიმი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მე ალბათ აქ აღარ ვიქნები, თუ სერენი პრო ლიგაში გადავა, ძალიან გამიხარდება - ესე იგი ჩემი საქმე კარგად შევასრულე". 

ჟორჟმა ახლახან ერთთვიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიტანა, მან ბრიუგეს 23-წლამდელთა გუნდის კარში შეაგდო. ბუნებრივია, თამაში მაყურებლის გარეშე მიმდინარეობდა, მაგრამ ეს მას ნაკლებად ადარდებს, რადგან დასახული მიზნისკენ მიისწრაფის...

ფეხბურთით ცხოვრობს
"ის, რომ კორონავირუსის გამო, მაყურებლები არ არიან, ნაკლებად მაღელვებს. მე ჩემი მიზანი მაქვს - ჩამოვედი აქ სათამაშოდ, გოლების გასატანად და გუნდის დასახმარებლად, რომ დავამტკიცო, ლიგა 1-ში თამაში შემიძლია! 
...და კიდევ, ფეხბურთზე შეყვარებული ვარ, ფეხბურთით ვცხოვრობ. შინ სხვა კლუბების თამაშებს ვუყურებ, ვიდეოთამაშებშიც ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას. FIFA 20-ში ხან ბარსელონათი ვთამაშობ, ხან მეცით".

ბარსელონა - ოცნების გუნდი
"ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამას ნიჭი, შრომა და თავგანწირვა სჭირდება. და მერე თამაშობ, გადატენილ სტადიონზე, ვარსკვლავებთან ერთად, ეს ოცნებაა. ხანხადახან მეც ვოცნებობ, მაგრამ, როგორც ვთქვი, ვცხოვრობ ყოველდღიური რეჟიმით და მერე ვნახოთ. 
მას მერე, რაც სერენში წარმატებით ვთამაშობ, ჩემზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ თავად თამაშზე ვარ ფოკუსირებული, ისე, როგორც პირველ მატჩში. ბოლო დროს ნაკლები გოლი გამაქვს, მაგრამ არ ვნაღვლობ, ვიცი, რომ გოლები ისევ იქნება, მშვიდად ვარ. უნდა დავამტკიცო, რომ მეტი შემიძლია, კიდევ უფრო მეტი, რაც უკვე ვაჩვენე".

როგორი ფეხბურთელი სურს, რომ იყოს
"მოდი ვთქვათ ასე: ედენ აზარის ტექნიკა რომ მქონდეს და კილიან მბაპეს უნარი შეტევების დასრულების".

შეგახსენებთ, რომ ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძე ლიონის აკადამიის აღზრდილია, მას 1 წლის წინ მეცის შემადგენლობაში ლიგა 1-ში ჰქონდა დებიუტი. მაშინვე ჟორჟმა მეცთან 2023 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. სფფ ადასტურებს, რომ მასთან მიდის მუშაობა არჩევანის საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გაკეთების შესახებ.  

კომენტარები

ბოლო ამბები