Thumbnail

ედინბურგში, ''არიფილდზე'', ფიჯისთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, 'ბორჯღალოსანების' მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

შემოდგომის ერთა თასის მატჩი მე-7 ადგილისთვის შაბათს, 5 დეკემბერს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, საქართველო ირლანდიას დუბლინში, ''ავივაზე'' კვირა დღეს ეთამაშა და ფიჯისთვის მოსამზადებლად ერთი დღით ნაკლები ჰქონდა.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

ფიჯისთან მატჩზე და მზადებაზე

...ფიჯისთან მატჩზე და მზადებაზე: "უკვე მივეჩვიეთ, რომ კვირაში ერთი დღე მგზავრობას უნდა დავუთმოთ და სისტემაც ამის მიხედვით გვაქვს აწყობილი. რადგან ამ კვირაში მოსამზადებლად ერთით ნაკლები დღე გვქონდა, მხოლოდ სასწავლო და საშუალო ინტენსივობის ვარჯიში ჩავატარეთ. ამის კომპენსირება დღეს, კაპიტნის ვარჯიშზე მოხდა. თამაშისთვის მზად ვართ. ყველას გვესმის, სადაა ამ თამაშის მოგების გასაღები და როგორ შევასრულებთ ამას მოედანზე, ხვალ გამოჩნდება.

ეს არის ორი განსხვავებული სტილით მოთამაშე გუნდის, ასევე განსხვავებული ფილოსოფიისა და მენტალობის გუნდის შეხვედრა. ორივე ცდილობს, შეასრულოს ის, რაც კარგად გამოსდის. ჩვენი თამაში ჯერ ის არ არის, რასაც ვეძებთ, მაგრამ მაქსიმალურად ვაბალანსებთ ხაზს და შერკინებას. შერკინება არის და უნდა დარჩეს ჩვენს ძლიერ მხარედ, მათ უნდა შეძლონ დომინაცია და მისი რეალიზება ხაზის მოთამაშეებმა მოახდინონ."

...ფიჯელ მორაგბეებზე: "ხაზში საუკეთესო მოთამაშეები ჰყავთ. ისეთი შემადგენლობაა, მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა. შერკინებაში რამდენიმე მორაგბე აკლიათ, თუმცა აქ მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. ფიჯელები ინდივიდუალისტები არიან და ისინი სივრცეში არ უნდა დავტოვოთ. ამინდი ძალიან ცუდია, მთელი დღე წვიმს და ხვალაც წვიმაა მოსალოდნელი, რაც ასევე გასათვალისწინებელია.

...მეტოქის ახალ მწვრთნელზე: "ის მაღალი დონის მწვრთნელია, მაგრამ არა ჯადოქარი, ასე მოკლე დროში ფიჯისთვის თამაშის სხვა სტილი რომ მოერგო. მას უყვარს სტატიკიდან მარტივი თამაში და დომინანტი მორაგბეების გამოყენება".

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი)

...როგორ უნდა ვეთამაშოთ ფიჯის: "ირლანდიასთან მძიმე თამაში გამოვიდა და ვეცადეთ, მეტი დაგვესვენა. ფორსირებულ რეჟიმში ვემზადებოდით და გავიარეთ სათამაშო სქემები, განვიხილეთ, რას შეიძლება ველოდოთ მეტოქისგან. ფიჯის ხაზი უფრო სახიფათო მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ვიდრე უელსი და ირლანდია. ძლიერი ინდივიდუალისტები არიან და არაფრისგან შეუძლიათ ლელოს გატანა. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანად შევუზღუდავთ დროს და სივრცეს. მათ არ უნდა ავყვეთ არეულ თამაშში, უნდა შევინარჩუნოთ სტრუქტურა, რაც შეიძლება დიდხანს გვქონდეს ბურთი და ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, იყოს გააზრებული და უმაღლეს დონეზე შესრულებული."

კომენტარები

ბოლო ამბები