Thumbnail

მეოთხე მწვრთნელი სეზონში - გენტს და ჩაკვეტაძეს ნაცნობი დაუბრუნდათ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გენტს ჰეინ ვანჰაეზებრუკი გაწვრთნის
  • ბელგიური გუნდისთვის ის ამ სეზონში მე-4 მწვრთნელია

გიორგი ჩაკვეტაძის გენტს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს. ბელგიური გუნდის ვებგვერდის ცნობით, დღეიდან მუშაობას ჰეინ ვანჰაეზებრუკი შეუდგა, რომელმაც კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

56 წლის სპეციალისტმა ვიმ დე დეკერი შეცვალა, რომელიც გენტიდან გუშინ ევროპალიგაზე ჩეხურ ლიბერეცთან (1:2) მარცხის შემდეგ დაითხოვეს. აღსანიშნავია, რომ გენტს მიმდინარე სეზონში უკვე მე-4 მწვრთნელი ჰყავს! უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში გენტში მუშაობა იეს ტორუპმა, ლაშლო ბოლონიმ და დე დეკერმა მოასწრეს.

ამ სეზონში გენტის შედეგები ძალზე უარყოფითია. კლუბი ბელგიის ჟუპილერ ლიგაში 14 ტურში მოპოვებული 16 ქულით მე-12 პოზიციაზეა, ხოლო ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ხუთივე თამაში წააგო, რაც სეზონის წინ დასახულ მიზნებთან სრულ შეუსაბამობაშია.

ვანჰაეზებრუკი გენტისთვის ნაცნობი ფიგურაა, რადგან ამ კლუბში 2014-2017 წლებში მუშაობდა და გენტმა ისტორიაში ბელგიის ჩემპიონობა ერთადერთხელ სწორედ მისი თავკაცობის პერიოდში მოიპოვა (2014/15), ხოლო 2015/16 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. ვანჰაეზებრუკი გიორგი ჩაკვეტაძესაც იცნობს, როდესაც ქართველი ბელგიაში გადავიდა, პირველი ერთი თვე გენტს სწორედ ის ავარჯიშებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები