Thumbnail

არგენტინის მორაგბეთა ნაკრებმა გაისად ზაფხულში, შესაძლოა, ტესტ-მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლოს. ამ ინფორმაციას America’s rugby news-ის სამხრეთამერიკული განყოფილების რედაქტორი პოპ ტეიტი ავრცელებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, “პუმები” ივლისში სამ თამაშს გეგმავენ, რომელთაგან ორში მათი მეტოქეები უელსელები იქნებიან, მე-3 შეხვედრა კი ფიჯისთან ან საქართველოსთან შედგება. სამივე შემთხვევაში მასპინძელი არგენტინა იქნება, რომელმაც მცირე ხნის წინ რაგბი ჩემპიონშიპის ეგიდით ახალი ზელანდიის ნაკრების დამარცხებაც კი მოახერხა.

ცნობისთვის, “ბორჯღალოსნებს” არგენტინასთან 5 მატჩი აქვთ ჩატარებული და მოგება ჯერაც არ გააჩნიათ. საქართველოს ნაკრებმა არგენტინასთან 3-ჯერ მსოფლიო თასზე წააგო: 3:33 – 2007 წელს, 7:25 – 2011-ში და 9:54 – 2015-ში. ამას გარდა იყო არგენტინაში გამართული 2 ტესტ-მატჩი, რომლებიც მასპინძლებმა, 2013 და 2017 წლებში, შესაბამისად, 29:18 და 45:29 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი წლის ზაფხულში საქართველოს ნაკრებთან თამაშს შოტლანდიის ეროვნული გუნდიც გეგმავს, იმ სხვაობით, რომ მატჩი თბილისში უნდა ჩატარდეს. თუკი ორივე ეს ცნობა დადასტურდა, უდავოა, რომ “ბორჯღალოსნებს” საკმაოდ დატვირთული კალენდარი ექნებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები