Thumbnail

ირლანდიის მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ქონორ მარი “შემოდგომის ერთა თასის” პლეი ოფში შოტლანდიასთან მომავალ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა იგივე შეცდომები არ უნდა დაუშვას, რაც საქართველოსთან მატჩში.

“საქართველოს ნაკრებმა განსაკუთრებით მე-2 ტაიმში ცხოვრება ძალიან გაგვირთულა. ის, რომ დიდი ანგარიშით მოგება ვერ მოვახერხეთ, მათი დამსახურებაცაა და ჩვენი ჩავარდნაც. ეს მატჩი რამდენჯერმე ვნახეთ და კრიტიკის პორცია ყველას ერგო. საქართველოსთან მე-2 ნახევარში არაერთი შეცდომა გვქონდა. შოტლანდიასთან მატჩში უფრო მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ. გუნდში გამოცდილი მორაგბეებიც გვყავს და ახალგაზრდებიც და მერწმუნეთ, მომავალ მატჩს ყველა მოუთმენლად ელის. ეს შანსია, რათა წინა კვირის ჩავარდნა გამოვასწოროთ. ამ სეზონში შოტლანდია ძალიან ძლიერად გამოიყურება, თუმცა, შინ ვთამაშობთ და დასამტკიცებელიც ბევრი გვაქვს”.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება გასულ შაბათს დუბლინის “ავივა სთედიუმზე” შედგა და მასპინძლებმა მხოლოდ 23:10 მოიგეს, ამასთან, მე-2 ტაიმი ფრედ 3:3 დასრულდა. იმ შეხვედრაში ბორჯღალოსანთაგან ლელო გიორგი კვესელაძემ დადო, რომელიც მოგვიანებით ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს და საუკეთესო ლელოს ავტორიც გახდა. 5 დეკემბერს, ირლანდია შოტლანდიას ტურნირის მე-3 ადგილისთვის შეხვდება, საქართველო და ფიჯი კი მე-7 პოზიციას გაითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები