Thumbnail
  • რატომ დაიწყო იუვენტუსმა სეზონი არადამაჯერებლად
  • გამოუცდელი პირლოს საკმაოდ პრობლემური გუნდი შეხვდა
  • ჰიბრიდულ სქემაზე გადასვლა კარგი იდეაა
  • დიბალა ტურინში ალბათ ბოლო სეზონს თამაშობს
  • პირლოს ბედი შემდეგ ორ თვეში გადაწყდება

‘ფეხბურთში ბევრი პოეტია, თუმცა პოეტები ტიტულებს ვერ იგებენ’ - ასე დასცინა რამდენიმე წლის წინ ჟოზე მოურინიომ ჩავის, ბარსელონას ყოფილ ლეგენდას და მის კრიტიკოსს, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა არცთუ ისე კარგად დაიწყო.

რატომ გამახსენდა ეს ამბავი? ანდრეა პირლოს იუვენტუსში დანიშვნა ყველას გაუხარდა. პირლო იმდენად დიდი სახელია საფეხბურთო სამყაროსთვის, რომ მისმა სტატუსმა და იმიჯმა ყველანაირი სიფრთხილე და სკეპტიციზმი გადაფარა. არადა, ანდრეამ ძალიან რთული საქმე ყოველგვარი გამოცდილების გარეშე ჩაიბარა ისე, რომ მასზე, როგორც მწვრთნელზე არაფერი ვიცოდით.

პირლოს მიმართ კითხვები დღეს ალბათ კიდევ უფრო მეტია. ეს ბუნებრივია იუვენტუსის საკმაოდ სუსტი სტარტის შემდეგ.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ჯერ არაფერი დაკარგულა, თუმცა იუვე დამაჯერებელი ვერ არის. საქმე ისეა, რომ პირველად ბოლო ბევრ წელიწადში, პროვინციული ბენევენტოს ფეხბურთელი თავს უფლებას აძლევს, ღიად აღიაროს: დღეს აუტსაიდერებს იუვენტუსის აღარ ეშინიათ.

გაეტანო ლეტიცია, ბენევენტო: "იუვენტუსი საშიში აღარ არის. ეს არ არის ის გუნდი, რომელიც 3-4 წლის წინ იყო. მაშინ, როცა მათ ეთამაშებოდი, წინასწარ იცოდი, რომ წააგებდი. დღეს გრძნობ, რომ მათ წინააღმდეგ თამაში შეიძლება."

ვინ არის პირლო?

კოვერჩანოს მწვრთნელების ცენტრი ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი აკადემიაა. აქ სპეციალისტები ლიცენზიას კვლევითი ნაშრომისთვის იღებენ. მოკლედ, კოვერჩანო ფეხბურთის უნივერსიტეტია. პირლომ ის სულ ცოტა ხნის წინ დაამთავრა.

მისი ნაშრომი სულ რაღაც 40 გვერდის ფარგლებშია. არ დამეზარა, გადავხედე და მინდა გითხრათ, რომ დიდი არაფერი. პირლოს ნაშრომში ძალიან ბევრი ზოგადი იდეაა იმაზე, რომ სასურველია, ბურთი სულ შენ გქონდეს, პრესინგით მას მალევე იბრუნებდე, მთელი გუნდით მეტოქის ნახევარზე იყო ა.შ. სწორედ მისი წაკითხვისას გამახსენდა ჟოზე და მისი გამოთქმა პოეტებზე - პირლოს ნაშრომში ბევრი ლამაზი სიტყვა და ‘პოეზიაა’. თითქოს გვარდიოლას ბარსელონას აღწერას კითხულობ. თუმცა, უფრო კონკრეტულ კითხვებზე (მაგალითად, როგორ უნდა შეძლოს გუნდმა ამის გაკეთება) პასუხები თითქმის არ არის.

ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. პირლომ კოვერჩანო ე.წ. ლეგენდების ხაზით დაასრულა - იტალიურ ფეხბურთში განსაკუთრებით ღვაწლმოსილი და გენიალური ხალხისთვის აკადემია უფრო იოლ გზას ქმნის - მათ ცოტა ლოდინი უწევთ, ვიდრე, მაგალითად, რომელიმე მაურიციო სარის, ყოფილ ბანკირს ნეაპოლიდან.

პირლო საგამოცდო კომისიის წინაშე

რატომ ვყვები ამ ყველაფერს? იმისთვის, რომ პირლოს მუშაობა შევაფასოთ, ზუსტად უნდა გვახსოვდეს, თუ რა სიტუაციაში და როგორ მივიდა ის იუვეს მწვრთნელად, რა ტიპის სპეციალისტია და რას უნდა ველოდოთ მისგან.

პირლო ახლა წესით იუვეს ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი უნდა ყოფილიყო და იქ მიეღო პრაქტიკა, თუმცა ლიონთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ის სულ რამდენიმე საათში მაურიციო სარის ნაცვლად დანიშნეს.

ეს ფორსმაჟორული გადაწყვეტილება იყო, რაც უცნაურია, რადგან სარის რომ ტურინში დიდი დღე არ ჰქონდა, ეს ყველამ იცოდა. ანუ, იუვეს სხვა კანდიდატი არ ჰყავდა, ან უცებ გეგმები შეცვალეს.

პირლო ანიელის კადრია - ისინი დიდი ხანია მეგობრობენ. მაგალითად, სარის მიყვანა პაველ ნედვედის და ფაბიო პარატიჩის ’შემოქმედება’ იყო, მათ ალეგრი არ უყვარდათ და ანიელი დაარწმუნეს, რომ სარი ტურინელებს საუკეთესო წლების ბარსელონასავით ან მანჩესტერ სიტივით აათამაშებდა.

კოვიდმა მთელი საფეხბურთო სეზონი შეცვალა. ლიონთან მარცხის შემდეგ იუვეს სერია A-ს განახლება სულ რაღაც 1 თვეში უწევდა. დროის და ფულის არქონის პირობებში იუვეს შინაური კადრი სჭირდებოდა, ისეთი, ვინც კლუბს შიგნიდან იცნობდა და ბევრი მოთხოვნები არ ექნებოდა. ანუ, სწორედ რომ მიხვდეთ, რისი თქმა მინდა: ტურინიდან ზუსტად ორი საათის გზაზე, მილანში ის კაცი მუშაობს, რომელსაც პირლოზე თითქმის 10-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, მუდამ ახალ-ახალ ფეხბურთელებს ითხოვს და მისი ნებართვის გარეშე ნაყიდ კრისტიან ერიკსენს სათადარიგო სკამზე ტოვებს. ამ ტიპის მწვრთნელი იუვეს ამ პირობებში არ აწყობდა. მოკლედ, პირლო მინიმალისტური ვარიანტი იყო.

ამიტომ უნდა გვახსოვდეს: პირლო ტურინში გენიალური ტაქტიკური იდეების გამო არ მიუყვანიათ. მას უფრო ამ გუნდის მართვას თხოვენ, ვიდრე მათთვის ფეხბურთის ახლიდან შესწავლას.

აი, ზემოთ სარი ვახსენე. კოვერჩანოში მის ნაშრომსაც ვიცნობ - ძალიან მაგარი ნაშრომია: სარი ტაქტიკის დიდოსტატია, აბსოლუტური მანიაკი, რომელსაც ყველა დეტალზე ნაფიქრი აქვს, თუმცა ტურინში მას ეს ვერ გამოადგა. მწვრთნელობა მხოლოდ ტაქტიკა არ არის.

პრობლემური სტარტი

იუვემ ცუდად დაიწყო - პირველი 8 თამაშიდან, თუ ნაპოლისთან სასამართლოში მიღებულ სამ ქულას არ ჩავთვლით, მხოლოდ სამჯერ მოიგო, თანაც ისე, რომ აშკარად იოლი ცხრილი ქონდა. მაგალითად, ტურინელებმა ფრედ ითამაშეს აუტსაიდერ კროტონესთან და ბენევენტოსთან. პირლომ ბევრად უარესად დაიწყო, ვიდრე მისმა წინამორბედებმა

საქმე ისაა, რომ პირლოს ტურინში არცთუ ისე დალაგებული გუნდი დახვდა. ის ვარიანტი, რომ ‘მაესტროს’ მხოლოდ უკვე ორგანიზებული და ფორმაში მყოფი გუნდის მართვა მოეთხოვებოდა, წლევანდელი იუვეს შემთხვევას ნამდვილად არ შეეფერება. იუვენტუსი მართლაც აღარ არის ის, რაც 3-4 წლის წინ იყო.

გუნდი თაობათა ცვლის პროცესს იწყებს და ამ სეზონში ტურინელებმა რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა შეიძინეს (კულუშევსკი, კიეზა, მაკკენი), რომელთაც სათამაშო სისტემაში ინტეგრაცია ჭირდებათ. გუნდს ძალიან უჭირს ნახევარდაცვაში - რაბიომ და რემზიმ ვერ გაამართლეს, პიანიჩის ნაცვლად მოსული არტური იტალიური ფეხბურთისთვის არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება და ისე გამოდის, რომ როდრიგო ბენტანკური ერთადერთია მოედნის ცენტრში, რომელსაც სტაბილურად შეიძლება დაეყრდნო. მეტი იუვეს ნახევარდაცვაში არც არავინ ჰყავს; შეტევაში ტურინელები რონალდოს ფაქტორზე ზედმეტად არიან დამოკიდებულები - მის გარეშე ამ სეზონში იუვემ მხოლოდ 1 თამაში მოიგო. რამდენად სისტემურია გუნდის თამაში შეტევაში, კარგად აჩვენებს იმ მოთამაშეების რაოდენობა, რომელთაც გოლი აქვთ გატანილი.

ტურინელთა შემთხვევაში საქმე კატასტროფულადაა - მხოლოდ 6 მოთამაშეს აქვს გოლი ამ სეზონში გატანილი და ამ მაჩვენებლით იუვე უდინეზეს და კროტონეს მეზობელია. მით უმეტეს, რომ ეს შარშანდელი ტენდენციის გაგრძელებაა. წინა სეზონშიც იუვე ჩემპიონი რონალდოს და დიბალას გოლებმა გახადა.

მოკლედ, პირლოს საკმაოდ რთული საქმე შეხვდა - თაობათა ცვლა, მწირი რესურსებით ნახევარდაცვაში თამაშის აწყობა და შეტევის ორგანიზება. რამდენად ეყოფა ‘მაესტროს’ კვალიფიკაცია ამ ამოცანებს, საკითხავია.

მგონია, რომ ეს პრობლემა თავად პირლომაც კარგად იცის. სწორედ ამიტომ მიიყვანა მან თავის სამწვრთნელო შტაბში იგორ ტუდორი, ყოფილი იუვენტინო, რომელსაც უკვე აქვს სერია A-ში მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება.

არც იტალიურ პრესაში გამოჟონილი ინფორმაცია მიკვირს, რომ მოთამაშეები (ასახელებენ მათ შორის დიბალას და კულუშევსკის) უკმაყოფილოები არიან, რომ პირლო ტაქტიკაზე მათ საერთოდ არ ესაუბრება და ეს საქმე მხოლოდ ტუდორს აქვს ჩაბარებული.

შედეგები არადამაჯერებელია, თუმცა არა კატასტროფული. შფოთის საფუძველს უფრო თამაშის ხარისხი იწვევს. მაგალითად, იუვემ ასევე პრობლემურ ბარსელონასთან ისე წააგო, რომ აბსოლუტურ აუტსაიდერად გამოიყურებოდა. ანგარიში სამარცხვინოც შეიძლება ყოფილიყო.

ფაბიო კაპელო: ‘იუვემ ბარსასთან, როგორც ითამაშა, შეიძლება ორნიშნა ანგარიშითაც წაეგო.’

შეცდომები და კარგი იდეები

‘მაესტრომ’ უკვე დაუშვა გამოუცდელი მწვრთნელისთვის სახასიათო რამდენიმე შეცდომა, რომელიც იუვეს დაკარგულ ქულებად დაუჯდა: მაგალითად, რომასთან ყვითელი ბარათის შემდეგ რაბიო, რომელიც ცივსისხლიანობით არ გამოირჩევა, მოედანზე ზედმეტად დიდხანს დატოვა (თანაც ისე, რომ სხვა ნახევარმცველი შეცვალა), შედეგად ფრანგმა წითელი ბარათი მიიღო და ათკაციანმა იუვემ 1 ქულა ძლივს გადაარჩინა. ‘როგორ არ შეცვალა?!’ - პირად საუბარში აღშფოთება ვერ დამალა მეორე დღეს იუვეს რამდენიმე გულშემატკივარმა. ვინც იუვეს სისტემატიურად უყურებს, ყველამ იცოდა, რომ რაბიოს წითელი მხოლოდ დროის ამბავი იყო.

შეცდომა იყო ბენევენტოსთან თამაშის წინ რონალდოს დასვენება - მაშინ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე იუვეს სატურნირო მოტივაცია თითქმის აღარ აქვს. იუვე ახლა არ არის იმ ფორმაში, რომ კრიშტიანოს დასვენების ფუფუნება ჰქონდეს. პორტუგალიელის გარეშე ტურინელებმა ორი ძვირფასი ქულა დაკარგეს.

პირლოს რამდენიმე კარგი იდეაც აქვს. ერთ-ერთი მათგანი ე.წ. ჰიბრიდული სქემაა. ‘მაესტრო’ ბევრს ლაპარაკობდა, რომ მასზე ყველაზე დიდი გავლენა კონტეს და გვარდიოლას აქვთ. თუმცა, ‘ჰიბრიდული სქემის’ დიდოსტატი მასიმილიანო ალეგრი იყო. მის ხელში იუვეს ხან სამი ცენტრალური მცველი ჰყავდა, ხან ორი - თამაშის დროს, სიტუაციის მიხედვით, პოზიციას ბარძალი იცვლიდა ხოლმე.

პირლოც ამ გზით წავიდა. გრაფიკოსები თამაშის წინ ბევრს წვალობენ ხოლმე, რომ იუვეს სქემა ზუსტად დახატონ. ეს შეუძლებელი ამოცანაა, რადგან სქემა თამაშის პროცესში მუდამ იცვლება - ყველაზე ხშირად იუვე შეტევის დროს 3-4-1-2-ითაა განლაგებული, დაცვის დროს კი - 4-4-2-ით.

ეს სწორი არჩევანი სამი მიზეზის გამოა.

📌 იუვეს ოთხი ძალიან მაღალი კლასის ცენტრალური მცველი ჰყავს (ბონუჩი, კიელინი, დე ლიხტი, დემირალი). სტაბილური 4-მცველიანი ტაქტიკით თამაშის დროს ეს იმას ნიშნავს, რომ ორი მათგანი მაინც სკამზე უნდა იჯდეს. არადა, ცენტრალური დაცვა ყველაზე კარგად არის დაკომპლექტებული. ამიტომ, პირლოს უნდა, რომ ისეთი სქემა შექმნას, რომელშიც მისი საუკეთესო ფეხბურთელებს ადგილი მაქსიმალურად ექნებათ.

📌 გუნდშია ნომინალურად განაპირა მცველი დანილო, რომელსაც სიტუაციის მიხედვით, სამმცველიან ტაქტიკაში ცენტრშიც შეუძლია თამაში და მატჩის ცალკეულ მონაკვეთებში კი ორივე ფლანგზე გადაწევაც ეხერხება. იუვეს სქემის მოქნილობას სწორედ დანილოს ფაქტორი განაპირობებს. მით უმეტეს, რომ ბრაზილიელს ეხერხება შეტევების დაწყება.

📌 სამმცველიანი ტაქტიკა დე ლიხტის პრობლემებს მალავს. ჰოლანდიელი თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, თუმცა პრობლემური პირველი სეზონი ჰქონდა. ის თავს ისე იცავს, როგორც ჰოლანდიური სკოლის ტიპური წარმომადგენელი და მეტოქეებს მოედნის სიღრმეში ხშირად მიყვება. შემდეგ პოზიციას კარგავს და იუვე გოლებს უშვებს. მაგალითად, ასე მოხდა წელს ფერენცვაროშთან, როცა დე ლიხტმა პოზიცია დატოვა და შემდეგ უბრალოდ ჩამორჩა შეტევის მიმდინარეობას.

სამმცველიან ტაქტიკაში ჰოლანდიელი უფრო მეტად დაზღვეულია. მის უკან სივრცეს უკვე არა 1, არამედ 2 კაცი ავსებს. ტრავმის შემდეგ ის ძალიან კარგად გამოიყურება და სავარაუდოა, რომ დე ლიხტი ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

დიბალა და მორატას ფაქტორი

ზემოთ თაობათა ცვლა ვახსენე. ერთი დეტალი: დიბალას და რონალდოს მხოლოდ ორი სეზონი აქვთ დარჩენილი. ანუ, ამ სეზონის შემდეგ მათ ან ახალი კონტრაქტი უნდა მიიღონ, ან გუნდიდან წასვლა მოუწევთ. კრიშტიანოს უკვე ააქვს 30-მილიონიანი კონტრაქტი, დიბალას კი - ახალი შეთანხმებით 15 მილიონი უნდა. მხარეები ვერ თანხმდებიან. ფინანსური კრიზისის პირობებში რთულად სავარაუდოა, რომ იუვე ასეთი თანხების გადახდას დათანხმდეს.

მოკლედ, ამ სეზონის შემდეგ, დიდი ალბათობით, სულ მცირე ერთ-ერთი მათგანი იუვეს დატოვებს. კრიშტიანოს შემთხვევაში დიდია იმის შანსი, რომ მხარეები უბრალოდ დათანხმდნენ კონტრაქტის ვადის ამოწურვას. დიბალას წასვლა კი ძალიან რეალისტურია. მით უმეტეს, რომ არგენტინელი და პორტუგალიელი ერთმანეთს ვერ ეწყობიან.

გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ისინი მოედანზე მსგავსად მოძრაობენ. ორივე მათგანს უყვარს სიღრმეში ამოწევა, ფლანგზე გადაწევა და იქიდან მეტოქის საჯარიმოსკენ მანევრი. კრიშტიანო მარცხნიდან იწყებს, საჯარიმოშო უბურთოდ შედის და იქ ნახულობს მომენტს. დიბალა მარჯვნიდან იწყებს და დრიბლინგით უყვარს, საჯარიმომდე მისვლა. თუმცა, არსობრივად, ეს ერთი ტიპის მანევრია. როცა ისინი ერთად თამაშობენ, იუვეს ძალიან აკლია ხოლმე ერთი მოთამაშე მეტოქის კარის სიახლოვეს - ის ვინც, სტაბილურად მეტოქის საჯარიმოში ითამაშებს. მით უმეტეს, რომ კრიშტიანოსაც და დიბალასაც სწორედ ასეთ პარტნიორთან თამაში უყვართ. რონალდოს საუკეთესო სეზონები ბენზემასთან წყვილში აქვს ნათამაშები, დიბალას კი - იგუაინთან და მანჯუკიჩთან.

ამ დუეტის და კიდევ ერთი საჯარიმოს ფორვარდის განლაგება კი ერთად არ გამოდის. დაცვაში თამაში არც კრიშტიანოს უყვარს და არც დიბალას. შედეგად, იუვეს სამი კაცი რჩება შემტევ პოზიციებში და კაცი აკლდება ხოლმე ნახევარდაცვაში. მოკლედ, ისინი ერთმანეთს ვერ ავსებენ.

ამ სიტუაციაში ალვარო მორატას დაბრუნება იუვეს ყველაზე კარგი ნაბიჯი იყო ამ ზაფხულში. მორატა იმ ტიპის ფორვარდია, რომელსაც ყველაფერი ეხერხება. ის ძალიან კარგია, როგორც კლასიკური 'ცხრიანი', რომელიც მეტოქის საჯარიმოში მომენტებს ელოდება.


ამასთან ერთად, ის იდეალური პარტნიორია კრიშტიანოსთვის. საჯარიმოში მუდამ იქცევს მცველების ყურადღებას, ქმნის სივრცეებს, ამოდის მოედნის ცენტრში და ამოყავს მცველები მათი პოზიციებიდან, გუნდს ბურთის გათამაშებაში ეხმარება.

დიბალას ამ ფუნქციის შესრულება უბრალოდ არ შეუძლია. ამას ემატება ისიც, რომ ტრავმის შემდეგ არგენტინელი ფორმაშიც არ არის. მას მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი, მის მიერ შესრულებულმა პასების რაოდენობამ წინა სეზონთან შედარებით საგრძნობლად მოიკლო (შარშან 42, წელს - 33), ხშირად კარგავს ბურთს და ვეღარ ქმნის მომენტებს თანაგუნდელებისთვის.

ყველაზე მრავლისმეტყველი მისი დრიბლინგის სტატისტიკაა: ამ სეზონში დიბალა თამაშში 3.4-ჯერ მიდის დრიბლინგში, საიდანაც ნახევარზე მეტჯერ (2) ის ბურთს კარგავს. არადა, მას არცერთ სხვა სეზონში დრიბლინგის უარყოფითი ბალანსი არ ჰქონია. დრიბლინგი მისი ყველაზე ძლიერი მხარე იყო.

არგენტინელი ფორმაში შევა და მოუმატებს, თუმცა იუვეს თავდასხმა ამ სეზონში მორატა-რონალდოს დუეტზე იდგება და დიდია იმის შანსი, რომ დიბალას წასვლა მოუწიოს. ის გუნდის ლიდერის ხელფასს ითხოვს და თუ მხოლოდ როტაციის მოთამაშე იქნა, ამ ხელფასს ვერ მიიღებს.

დასკვნა

პირლომ რთულად დაიწყო. მას იმაზე უფრო რთული და ბევრი სამუშაო შეხვდა, ვიდრე ეს სეზონის წინ იყო მოსალოდნელი. მომდევნო ტურებში იუვეს მილანი, ინტერი და ატალანტა ელის. ეს თამაშები ბევრ რამეს გადაწყვეტს. ამ ეტაპზე ‘მაესტრომ’ ჯერ კიდევ ვერ აჩვენა, რომ იუვეს კალიბრის გუნდის გაძღოლა პრობლემურ სიტუაციაში შეუძლია. იუვეს დასაკარგი თითქმის აღარაფერი აქვს. ამ თამაშებში წარუმატებლობა მის სკამს საფუძვლიანად შეარყევს. პირლოს ბედი შემდეგ ორ თვეში გადაწყდება.

კომენტარები

ბოლო ამბები