Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები “შემოდგომის ერთა თასზე” დასკვნით მატჩს 5 დეკემბერს ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს და შარშან იაპონიაში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდება. ვეტერანი ბორჯღალოსანი, ამჟამად კი დერეფნისა და მოლის მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ გუნდი სისტემურად კარგადაა მომზადებული. მის კომენტარს საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდი ავრცელებს:

“გავარჩიეთ მეტოქის დერეფანი 2019 წლის მსოფლიო თასზე, მაგრამ მას შემდეგ სრულად შეიცვალა ფიჯელთა სამწვრთნელო შტაბი, ჩვენთან პირველ მატჩს ატარებენ და ზუსტად არ ვიცით, რას შემოგვთავაზებენ. მოვემზადეთ სისტემურად. ყურადღებით უნდა ვიყოთ გადაბმის არეში, რადგან ფიჯელებს უყვართ როგორც მოკლე, ასევე გრძელ ფრთაზე შეტევა“.

ბორჯღალოსნებმა “შემოდგომის ერთა თასზე“ უკვე სამი მაღალი დონის შეხვედრა გამართეს – ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან, ასევე წინა სატურნირო ტესტ-მატჩი შოტლანდიასთან. აღსანიშნავია, რომ ტურნირის სამივე განვლილ მატჩში თვალშისაცემი იყო ქართველი მორაგბეების საუკეთესო ფიზიკური მომზადება და ეს შედეგებზეც აისახა – მეორე ტაიმში ნაკლებ ქულებს ვუშვებდით, ვიდრე პირველში და ირლანდიასთან მეორე ტაიმი სულაც 3:3 ვითამაშეთ. ბორჯღალოსნების ფიზიკურ მომზადებაზე ქართული ჯგუფია პასუხისმგებელი – მორაგბეებთან ირაკლი ჭყონია, დავით ნემსაძე და ნიკოლოზ პინაიშვილი მუშაობენ. ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყონია ამბობს, რომ ამ შედეგის მისაღწევად დიდი შრომა იქნა გაწეული:

“მზადება ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში დავიწყეთ. ჩვენთან ერთად იყო ლეგიონერთა ნაწილიც და გავიარეთ მომზადების სრული კურსი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით რისთვის ვემზადებოდით და უბრალოდ ვვარჯიშობდით, რათა ვყოფილიყავით უკეთესები. იმ შედეგის მისაღებად, რასაც ახლა ვიღებთ, ბიჭებმა და მწვრთნელებმა ბევრი იშრომეს. ამისათვის მინდა მათ და ნაკრების მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა ჩვენი ჯგუფის წევრებს, დავით ნემსაძეს და ნიკა პინაიშვილს, რადგან მათ გარეშე ვერაფერს გავხდებოდი“.

ირაკლი ჭყონია 'ბორჯღალოსნების' ფიზმომზადებაზეა პასუხისმგებელი
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი 

ის, რომ საქართველო ფიზიკურად საუკეთესოდაა მომზადებული, ამაზე ციფრებიც მეტყველებს:

“თუ დავაკვირდებით 2019 წლის მსოფლიო თასზე და მანამდე ტიერ 1-ის გუნდებთან გამართულ მატჩებს, დასკვნით 20 წუთში 2-4 ლელოს ვუშვებდით. მოწინააღმდეგეების მიზანიც ეს იყო, რომ დასკვნით წუთებში, დაღლილ საქართველოსთან უპირატესობა მიეღო, თუმცა პირიქითაა და დასკვნით 20 წუთს შეტევებში ვატარებთ. ეს იმის ფონზე, რომ ყველა თამაშის დებიუტში მეტოქის გააფთრებული შეტევების მოგერიება გვიწევს, რასაც დიდი ენერგია მიაქვს. მაგრამ გვაქვს იმის ენერგია და გამძლეობა, რომ დასკვნითი წუთებიც მაღალ დონეზე ჩავატაროთ და ეს დიდ განსხვავებას იძლევა შედეგზე“.

მატჩის დღეს ედინბურგში წვიმაა გამოცხადებული, რაც თამაშის მსვლელობას საკუთარ კვალს დაატყობს და გახშირდება ძალისმიერი ორთაბრძოლები. ჭყონია ამბობს, რომ გუნდი ამ გამოწვევისთვის მზადაა:

“ყველა თამაშის შემდეგ გვაქვს ინდივიდუალური ტესტები და ვამოწმებთ მოთამაშეთა ენერგიის, ფეთქებადობისა და ძალის აღდგენის დონეს. ტესტებმა აჩვენა, რომ ის ჯგუფი, ვისაც ფიჯისთან უწევს თამაში, ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია. ზოგადად, პირველი კვირის და ამჟამინდელ მონაცემებს თუ შევადარებთ, რამდენიმე მოთამაშემ პირადი რეკორდიც კი მოხსნა. კვირიდან კვირამდე ვუმატებთ და ეს სწორი, გამართული პროგრამის შედეგია, რომელშიც ფიზმომზადების ჯგუფის გარდა, სრულად არიან ჩართული მწვრთნელები“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა “შემოდგომის ერთა თასის” ჯგუფურ ეტაპზე ინგლისთან (0:40), უელსთანა (0:18) და ირლანდიასთან (10:23) წააგო და ფიჯელებს ტურნირის მე-7 ადგილისთვის დაუპირისპირდება. თამაში შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, სტადიონ მარიფილდზე 5 დეკემბერსაა დაგეგმილი და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები