Thumbnail
  • 'კონკურენცის გამო, არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა და ეს ძალიან კარგია'
  • 'მათი ფორვარდები მაშფოთებენ' - ფიჯელთა შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 5 დეკემბერს ედინბურგში “მარიფილდზე“ ფიჯისთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, დუბლინში ირლანდიასთან თამაშის შემდეგ, სასტარტო XV-ში სამი ცვლილებაა. ახალი სახეები არიან სათადარიგოთა სკამზეც.

ტრავმების გამო ფიჯისთან ვერ ითამაშებენ ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე. მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა “შემოდგომის ერთა თასის” დასკვნითი მატჩისთვის საუკეთესო შემადგენლობა აქედან გამომდინარე შეარჩია:

“სელექციისას გავითვალისწინეთ მიკროტრავმები, სტატიკური მდგომარეობა, ვაკვირდებოდით ბიჭებს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. არის სამწვრთნელო ალღოც, რომელსაც უნდა დაეყრდნო და ვეცადე, მაქსიმალურად ძლიერი და გამოცდილი გუნდი დამეყენებინა. რამდენიმე პოზიციაზე ისეთი კონკურენციაა, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა და ეს ძალიან კარგია. ფიჯისთან საბრძოლველად კარგად ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, დაგვაკლდება ბექა გორგაძე, რომელსაც ჯვარედინი იოგები და მყესი აქვს დაზიანებული. სამწუხაროდ, ის საოპერაციოა, მაგრამ პროფესიონალურ სპორტში ასეთი რამ ხშირია და ვერაფერს ვიზამთ“.

“შემოდგომის ერთა თასზე“ ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს ზედიზედ მეოთხედ შეუწყვილდება გიორგი კვესელაძე, რომელმაც ირლანდიას ტურნირზე პირველი ქართული ლელო გაუტანა. ეს წყვილი გაუვალი იყო დაცვაშიც და ჯამში 39 ბოჭვა შეასრულა. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ, ხოლო მეორე ფრთაზე თამაზ მჭედლიძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება. ფულბეკის პოზიციაზე მეორე თამაშს იწყებს სოსო მათიაშვილი. ხაზში შეცვლაზე კვლავ დემურ თაფლაძე და დავით ნინიაშვილი გამოჩნდებიან, ხოლო 9 ნომერზე მარქაფაში გელა აფრასიძეა.

8 ერი | მზადება ფიჯისთვის

#8ერი | #BULA Fiji - ბორჯღალოსნების ფიჯისთან მე-5 რკენისთვის ემზადებიან 🏉 🇬🇪 საქართველო v ფიჯი 🇫🇯 | 5 დეკემბერი, 16:00, მარიფილდი 💊 ტრავმების შესახებ გაიგე მეტი აქ: https://bit.ly/36vPM3U Autumn Nations Cup 2020 🏆 🍁 🍂 📺 LIVE: TV Imedi და რაგბი TV/Rugby TV 📺 საზღვარგარეთ: bit.ly/3n55MPW 📺 სხვა მატჩები: Silk Sport #AutumnNationsCup #რაგბიჩვენითამაშია #ბორჯღალოსნები

Posted by Georgian Rugby on Wednesday, December 2, 2020


წინა თამაშის შემდეგ უცვლელია შერკინების პირველი ხაზი. ბურჯები – მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი ზედიზედ მეოთხე თამაშს იწყებენ, ხოლო კვაჭი შალვა მამუკაშვილია. ტურნირზე ამ პირველი ხაზით მატჩები ინგლისთან და ირლანდიასთან დავიწყეთ. ორი ცვლილებაა პირველი ხაზის მარქაფაში, სადაც კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე და ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი ბრუნდებიან. 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნა გიორგი მელიქიძემ. უელსთან ტრავმირებული ნეკნი მოიშუშა და მეორე ხაზში ძირითადში ბრუნდება კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, ხოლო მარქაფაში გრიგორ ქერდიყოშვილი გამოჩნდა. ტრავმით გამოწვეული ცვლილებაა მესამე ხაზში, სადაც ბექა გორგაძის ნაცვლად, შერკინების შემკვრელად თამაშს თორნიკე ჯალაღონია იწყებს, ხოლო ფლანკერად ძირითადში ოთარ გიორგაძე ბრუნდება. მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძე იქნება. მესამე ხაზში შეცვლაზე ამჯერადაც მიხეილ გაჩეჩილაძეს ვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ “შემოდგომის ერთა თასის“ სამივე მატჩში, ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს, ვიდრე - პირველი. მაისაშვილი ამის საფუძვლად რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

“სრულფასოვანი შეცვლები გვყავს და ანალიზს უკეთ ვაკეთებთ. გარდა ამისა, ძლიერ მეტოქეებთან თამაშში ჩართვა გვიჭირს, დებიუტში შეცდომებზე გვიჭერენ და უპირატესობას ხელიდან არ უშვებენ. დახვეწის პროცესშია ჩვენი თამაშის მართვა. უმნიშვნელოვანესია ფიზიკური მომზადება, სადაც გუნდი უნაკლოდაა მომზადებული. ამ მხრივ უფრო კარგად ვართ, ვიდრე 2019 წლის მსოფლიო თასზე ვიყავით, წინ მივდივართ და ეს აბსოლუტურად ქართველებით დაკომპლექტებული ფიზმომზადების ჯგუფის – ირაკლი ჭყონიას, დავით ნემსაძისა და ნიკა პინაიშვილის დამსახურებაა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ეს მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობისთვის. მთლიანობაში, შეკრებაზე მყოფი ყველა მორაგბე, ახლა ყოველმხრივ უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე იყო და თამაშობდა თუ არა, ყველა მათგანი სრულად იყო ჩართული მზადების პროცესში“.

“შემოდგომის ერთა თასი”. მე-7 ადგილისთვის

საქართველო – ფიჯი

საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი (29 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (6 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (28 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (70 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (88 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (19 კეპი, 109 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (55 კეპი, 40 ქულა); 1. მიხეილ ნარიაშვილი (65 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (77 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (5 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (65 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (28 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (16 კეპი, 5 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (3 კეპი).

სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე (61 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (21 კეპი, 5 ქულა), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (4 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (11 კეპი, 10 ქულა); 21. გელა აფრასიძე (28 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (1 კეპი).

კომენტარები

ბოლო ამბები