Thumbnail

ფიჯის მორაგბეთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა “შემოდგომის ერთა თასზე” საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ “მფრინავი ფიჯელები” ახალი ექსპერიმენტულ ტურნირზე სწორედ “ბორჯღალოსნებთან” ერთად მიიწვიეს, თუმცა, მათ რიგებში კორონავირუსის ათეულობით შემთხვევა დადასტურდა და გუნდს რამდენიმე კვირით იზოლაციაში ყოფნა მოუწია. შესაბამისად, ფიჯის შეჯიბრის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაუცდა და საფრანგეთთან, შოტლანდიასთანა და იტალიასთან 0:28 წაგება ჩაეთვალა.

ახლა, ფიჯელები მწყობრში არიან, რამდენიმე დღეა ვარჯიში განაახლეს და საქართველოს ნაკრებს “შემოდგომის ერთა თასის” მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. საინტერესოა, რომ მომავალ მატჩში სანაკრებო დებიუტი ერთბაშად 9 ფიჯელ მორაგბეს ექნება. ჯონი დაიერი, მესულამე კუნავულა და ტემო მაიანავანია სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან, ტევიტა იკანივერე, ჰაერეიტი ჰატეტი, სამუელა ტავაკე, კრის მინიმბი, მანუელი რატუნიარავა და სიმიონე კურუვოლი კი – თადარიგში.

ტრადიციულად უძლიერესად გამოიყურება ფიჯელთა უკანა ხაზი, სადაც ფრენკ ლომანი, ბენ ვოლავოლა, ნემანი ნადოლო, ლევანი ბოტია, სემი რანდრანდრა, ჯოსუა ტუისოვა და კინი მურიმურივალუ გამოჩნდებიან, თუმცა, არის დანაკლისიც. სხვადასხვა მიზეზთა გამო, საქართველოსთან ვერ ითამაშებენ ლეონე ნაკარავა, ჯეილ ვატაბუა, პესელი იატო, ვილიამე მატა, სემი კუნატანი, ტევიტა კავუბატი და აპი რატუნარიავა.

ფიჯის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის საფრანგეთში ემზადება

მომავალი თამაშის შესახებ კომენტარი ვერნ კოტერმა გააკეთა, რომელმაც ფიჯის ეროვნული გუნდი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა, ამდენად, ახალ პოსტზე დებიუტი ექნება. აღსანიშნავია, რომ ახალზელანდიელ სპეციალისტს 3 წელი შოტლანდიის ნაკრებში აქვს გატარებული, ასევე უმუშავია ფრანგულ კლერმონსა და მონპელიეში და “ბარბაროსებში”.

“საქართველოს სიძლიერის შესახებ კარგად მოგვეხსენება, ამგვარ ტურნირებში თამაში კი მათ კიდევ უფრო განვითარების საშუალებას აძლევს. გასულ უქმეებზე ისინი მაგრად დაუდგნენ ირლანდიას, ამდენად, დიდი ბრძოლის მოლოდინში ვართ. ცხადია, ყველაზე მეტად მათი ფორვარდები მაშფოთებენ, რადგანაც ვიცით, რომ ისინი ჩვენს შერკინებაშიც კი ძალიან მოგვაწვებიან და დერეფნების წაღებასაც ეცდებიან. ქართველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბურთი შეგვინელონ და მისი ჩვენს სახიფათო უკანა ხაზთან დროულად გატანა ვერ მოვახერხოთ. არადა, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იქნება – საქმეში ჩავრთოთ სემი რადრადრა, ნემანი ნადოლო და ჯოშუა ტუისოვა და თანაც ისე, რომ მათ გასაქცევი სივრცე ჰქონდეთ. თუკი ეს შევძელით, შედეგიც ისეთი იქნება, როგორიც ჩვენ გვსურს”.

მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფი “ბორჯღალოსნები” “მფრინავ ფიჯელებს” 5 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათიდან შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, სტადიონ “მარიფილდზე” გაეჯიბრებიან და თუკი 15 და ნაკლები ქულით იმარჯვეს, კუნძულელებს ძალიან დაუხლოვდებიან. ამ შემთხვევაში, ფიჯის 74.87 სარეიტინგო ქულა ექნება, ხოლო საქართველოს – 74.19. აი, 15 ქულაზე მეტით გამარჯვება კი, “ბორჯღალოსნებს” მე-11 ადგილს მოუტანს, რადგანაც ქართველი მორაგბეების მაჩვენებელი 74.85-ს გაუტოლდება, ხოლო ფიჯელების – 74.21-ს. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მე-11 პოზიციაზე მაღლა არასდროს ყოფილა, ამდენად, ეს, ჩვენებურთა რეკორდის გამეორება იქნება.

ფიჯის ნაკრები საქართველოსთან

15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოშუა ტუისოვა, 13. სემი რადრადრა (კაპ.), 12. ლევანი ბოტია, 11. ნემანი ნადოლო, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი, 1. პენი რავაი, 2. სამუელ მატავესი, 3. მესაკე დოგე, 4. ტევიტა რატუვა, 5. ტემო მაიანავანუ, 6. ჯონი დაიერი, 7. მესულამე კუნავულა, 8. ალბერტ ტუისუე.

სათადარიგოები: 16. ტევიტა იკანივერე, 17. ჰაერეიტი ჰეტეტი, 18. სამუელა ტავაკე, 19. კრის მინიმბი, 20. მანუელი რატუნიარავა, 21. სიმიონე კურუვოლი, 22. სერუ ვულარიკა, 23. ვაისეა ნაიაკალევუ.

კომენტარები

ბოლო ამბები