Thumbnail
  • რონალდომ ახლახან გარდაცვლილ მარადონაზე საინტერესო ამბავი გაიხსენა
  • ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ერთბაშად ორ საათს ატარებდა

ბრაზილიელმა რონალდომ ახლახან გამართულ პრესკონფერენციაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ნოემბრის ბოლოს გარდაცვლილ დიეგო მარადონაზე ისაუბრა და ლეგენდარული არგენტინელის შესახებ საზოგადოებას საინტერესო ფაქტის შესახებაც მოუყვა. 

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც ორ მუნდიალზე გაიმარჯვა, მარადონას ღვაწლსა და მის მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

"დიეგო ჩემთვის ძალიან ახლობელი, ბრწყინვალე ადამიანი იყო. ჩვენ ფეხბურთის ლეგენდამ დაგვტოვა. მისი გარდაცვალება ძალიან სამწუხარო და მძიმე ამბავია. გაკვირვებული და ძალიან დამწუხრებული ვიყავი, როდესაც ამის შესახებ შევიტყვე. თანავუგრძნობ მის ოჯახსა და მეგობრებს.  მან ფეხბურთში დაუვიწყარი კვალი დატოვა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ყოვეთვის ვიქნები მისი მადლობელი იმ შთაგონებისთვის, რომელიც მან მომცა".

რონალდომ, რომელიც ამჟამად ვალიადოლიდის პრეზიდენტია, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მარადონას ბოლოს სამიოდე თვის წინ, ხიმნასიას ერთ-ერთ ფეხბურთელთან დაკავშირებით ელაპარაკა:

"ერთ-ერთი მისი ფეხბურთელის - ნახევარმცველის შესახებ ვკითხე. კარგი რაღაცები მიამბო. მოვუყევი იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებ (ვალიადოლიდში) და მითხრა, რომ ეს მშვენიერია. ის ყოველთვის მზად იყო, დამხმარებოდა". 

რონალდომ ისაუბრა საათებზე, რომლებსაც დიეგო მარადონა სულ თან ატარებდა:

"ერთხელ, როდესაც მადრიდში ჩემს სანახავად და მატჩის საყურებლად ჩამოვიდა, სავახშმოდ ერთად წავედით. დიეგოს მაჯებზე ორი საათი ეკეთა. არსებობდა ლეგენდა, რომ ის მათ გარეშე არსად ჩნდებოდა. ვკითხე, რატომ ატარებდა ორ საათს, რაზეც მიპასუხა, რომ ისინი მისი ქალიშვილის ნაჩუქარი იყო და ამიტომ, არასდროს იხსნიდა. მაგრამ ვახშმის დასრულების შემდეგ ერთი მოიხსნა და მისახსოვრა. არ ვიღებდი, მაგრამ გაბრაზდა და საბოლოოდ მაინც დავთანხმდი. მას მთელი ცხოვრება თვალის ჩინივით გავუფრთხილდები. ეს იყო ჟესტი დიდსულოვნებისა და მეგობრობის".

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ფეხბურთის ღმერთად წოდებული არგენტინელი 27 ნოემბერს, ბუენოს აირესის სიახლოვეს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. გენიალურმა "ათიანმა" არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები