Thumbnail

'ეს ხალხი მაკედონიასთან ძალიან დაგვაკლდა' - ვლადიმირ ვაისის კომენტარი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ვლადიმირ ვაისის პირველი კომენტარი უმუშევრად დარჩენის შემდეგ
  • 56 წლის სპეციალისტს საკლუბო ასპარეზზე დაბრუნება სურს

საქართველოს ნაკრებში 5-წლიანი მუშაობის შემდეგ სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი უმუშევარია. 56 წლის მწვრთნელს SPORT.SK დაუკავშირდა და მანაც საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

ვლადიმირ ვაისი: "საქართველოს ნაკრებში ბოლოს ჩემთვის დიდი გამოწვევა, წავიდოდი, როგორც წარმატებული, თუ წარუმატებელი. დიდ მიზნამდე მხოლოდ 1 გოლი დაგვაკლდა, 0:1 წავაგეთ მაკედონიელებთან. საქართველოში 5 წელიწადი ვიმუშავე, რაც საკმაოდ ხანგრძლივი დროა ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის და ზოგადად ცხოვრებისთვისაც. ვერ წავედი ნაკრებიდან, როგორც გამარჯვებული, მაგრამ მე და ჩემმა ასისტენტებმა იქ კარგი სახელი დავტოვეთ. ცხოვრება კი გრძელდება.
სამწუხაროდ, ახლა მსოფლიოსთვის მძიმე დღეებია, ის სპორტსაც ეხება. ფეხბურთს უმაყურებლოდ თამაშობენ, ემოციები იკარგება. ეს ჩემს თავზე გამოვცადე. გადამწყვეტ მატჩში მაყურებლის გარეშე უნდა გვეთამაშა და ჩვენ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ჩვენ ძალიან დაგვაკლდა ის ხალხი. ქომაგის ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით კი ეროვნულ ნაკრებთა დონეზე.

ამის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ ვიცი, რომ უახლოეს თვეებში სიტუაცია გამოსწორდება, ვაქცინაც მალე იქნება. კორონავირუსს აუცილებლად დავამარცხებთ. ხალხი სტადიონებს დაუბრუნდება.

როცა ნაკრების მწვრთნელი ხარ 5 წლის განმავლობაში, დიდი დრო გაქვს ფიქრისთვის. მიზეზი ცხადია, ნაკრები შედარებით ცოტას თამაშობს. საქართველოს ნაკრებში ვმუშაობდი, მაგრამ სლოვაკეთში ვცხოვრობდი. ასე რომ, ძირითადად ოჯახთან ერთად ვიყავი, თუ ნაკრები არ თამაშობდა ან შეკრება არ ჰქონდა. ახლა კი საკლუბო ასპარეზზე დაბრუნება მსურს. უნდა ვნახოთ, რა მოწვევები მექნება. მსოფლიოში მილიონობით მწვრთნელია, მაგრამ ამდენი კარგი კლუბი არ არის. ხანდახან, ასარჩევადაც არ არის საქმე. ისეთი სამსახურის პოვნა სურს, რომელიც დამეხმარება დონის ამაღლებაში და თან შრომისგან სიამოვნებას მივიღებ".

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს სათავეში 2016 წლის მარტში ჩაუდგა და სომხეთთან ერთა ლიგაზე მატჩის შემდეგ გადადგა, თუმცა კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე ჰქონდა. 47 მატჩში ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 16 მატჩი მოიგო, 15 ფრედ ითამაშა და 16 წააგო. მას ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვება დაუგროვდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები