Thumbnail

PREVIEW | კავანი წარსულს შეუტევს - რას უნდა ველოდოთ ოლდ ტრაფორდზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 2 დეკემბერი | ⌚ 23:59 | ⚽ მანჩესტერი V პარი სენ-ჟერმენი
  • მანჩესტერი კარგ ფორმაშია, პსჟ - არა
  • ორივე გუნდისთვის ქულები ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება მანჩესტერში გველოდება, სადაც იუნაიტედი პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. H ჯგუფში ძალზე დაძაბული ვითარებაა და ორივე გუნდი არის იმის საშიშროების წინაშე, რომ პლეი ოფს მიღმა დარჩეს. ამიტომ, სასწორზე ძვირფასი ქულები დევს.

პირველ ტურში მანჩესტერმა პარიზში 2:1 მოიგო და 9 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო პსჟ 6 ქულით ლაიპციგთან ინაწილებს მეორე-მესამე ადგილებს. როგორც ხედავთ, დარჩენილ ორ ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ფეხის დაცდენა ნებისმიერისთვის სარისკოა.

ოლე გუნარ სულშერის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ბოლო ოთხი თამაში მოიგო, რის შედეგადაც პრემიერლიგაში სიტუაცია გამოიკეთა და სატურნირო ცხრილში ოდნავ მაღლა აინაცვლა. პსჟ პირიქით, ბოლო პერიოდში საუკეთესო ფეხბურთს ვერ აჩვენებს და სამი დღის წინ ლიგა 1-ში ბორდოსთან მხოლოდ ქულას დასჯერდა, მანამდე კი მონაკოსთან წააგო და საფრანგეთის ჩემპიონატში ორმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

განსაკუთრებული ინტრიგაა ედინსონ კავანის თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. ურუგაველმა პსჟ-ში 7 სეზონი გაატარა და გუნდის ისტორია ნამდვილად დაწერა, 200 გოლით ის პარი სენ-ჟერმენის ყველა დროის საუკეთესო ბომბადირია. მან პირველ მატჩში ვერ ითამაშა, რადგან ფორმაში არ იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა - მანჩესტერმა ბოლო თამაში საუთჰემპტონთან 0:2-დან შემოატრიალა, 3:2 მოიგო და ეს პირადად "ელ მატადორის" დამსახურებაა, რომელიც მინდორზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, ჯერ საგოლე პასი გააკეთა და მერე დუბლი შეასრულა. ამგვარად, კავანი პსჟ-ს პირველივე წუთიდან შეუტევს.

კავანის პსჟ-ში საუკეთესო წლები აქვს გატარებული, მაგრამ ახლა მანჩესტერისთვის შეუტევს

მანჩესტერ იუნაიტედი გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს ოფიციალურად მოიპოვებს, ხოლო პარი სენ-ჟერმენი 3 ქულით ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს პლეი ოფის პირველი სტადიისკენ, თუმცა ბოლო ტურში ბაშაქშეჰირთან კარგი შედეგი მაინც დასჭირდება.

საინტერესო ფაქტები

⚽ პსჟ და მანჩესტერი ამ სეზონდამდე ერთადერთხელ 2018/19 წლების სეზონში შეხვდნენ. 1/8-ფინალში წითელმა ეშმაკებმა შინ 0:2 წააგეს, მაგრამ სტუმრად 3:1 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

⚽ მანჩესტერსა და პსჟ-ს შორის გამართული სამივე დაპირისპირება სტუმრებმა მოიგეს. ფრანგულმა გუნდმა 2019 წელს 2:0 მოიგო "ოლდ ტრაფორდზე" და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა პარიზელებმა იუნაიტედთან სტუმრად ითამაშეს.

⚽ მანჩესტერს შინ ფრანგულ გუნდებთან 15 მატჩიდან ერთადერთი წაგება აქვს (10 მოგება, 4 ფრე) და სწორედ პსჟ-სთან.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შვიდი გასვლითი თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგო (4 მოგება, 2 ფრე). თუმცა, ეს მარცხი იყო ბოლო საგარეო შეხვედრაში ლაიპციგთან (1:2).

⚽ მანჩესტერმა ევროტურნირებზე ბოლო შვიდი თამაში მოიგო "ოლდ ტრაფორდზე", 24 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. ყველაზე კარგი სერია კი საკუთარ მოედანზე 2006 წლის სექტემბრიდან 2008 წლის აპრილამდე ჰქონდა - ზედიზედ 12 მოგება.

⚽ 2016/17 წლების სეზონის სტარტიდან პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 39 მატჩიდან გოლი მხოლოდ ერთხელ ვერ გაიტანა. ამ თამაშებში პარიზელები საშუალოდ 2.4 გოლს იტანდნენ (ჯამში 95). ერთადერთი გუნდი, რომელსაც ფრანგებმა ამ პერიოდში გოლი ვერ გაუტანეს ბაიერნია - გასული სეზონის ფინალში.

⚽ მანჩესტერის მწვრთნელის რანგში ოლე გუნარ სულშერს ჯგუფურ ეტაპზე ოთხი მატჩიდან სამი მოგებული აქვს (1 წაგება). ამ გამარჯვებებში შედის "ოლდ ტრაფორდზე" 2 თამაშის მოგება.

⚽ გამარჯვების შემთხვევაში სულშერი მხოლოდ მეორე მწვრთნელი გახდება, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს ზედიზედ სამ თამაშში დაამარცხებს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ გააკეთა ბარსელონაში მუშაობის პერიოდში.

⚽ პსჟ-ს ფეხბურთელ ნეიმარს ჩემპიონთა ლიგაზე 63 მატჩში 60 გოლში აქვს უშუალოდ მონაწილეობა იღებული (36 გოლი, 24 საგოლე პასი). 2013 წლიდან მოყოლებული, როდესაც მას ამ ტურნირზე დებიუტი ჰქონდა, 24 საგოლე გადაცემა საუკეთესო მაჩვენებელია.

⚽ მანჩესტერის ახალწვეულ ედინსონ კავანის პსჟ-ს რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (30). კავანიმ ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში ნაპოლისა და პსჟ-ს მაისურით გაიტანა. ზოგადად, ურუგაველი პარიზელთა ისტორიაში საუკეთესო გოლეადორია (200 გოლი).

ანხელ დი მარიამ გასულ სეზონში 6 საგოლე პასი მიითვალა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შედეგი იყო. არგენტინელს მანამდე 30 მატჩში მხოლოდ 7 საგოლე პასი ჰქონდა.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედს ბოლო ოთხი თამაში მოგებული აქვს, მას შემდეგ, რაც ბაშაქშეჰირთან დამარცხდა. ინგლისელთა უკანასკნელ 5 თამაშში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ პარი სენ-ჟერმენის ბოლო ხუთ თამაშში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ხოლო 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა. ამ ხუთი მატჩიდან პარიზელებმა მხოლოდ 2 მოიგეს.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერი (4-3-1-2): დე ხეა - ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, ტელესი - ფრედი, მაკტომინეი, ვან დე ბეეკი - ბრუნო ფერნანდეში - რაშფორდი, კავანი
ტრავმები: შოუ, ტუანზებე, მარსიალი, ჯონსი, როხო, რომერო

პარი სენ-ჟერმენი (4-3-3): ნავასი - ფლორენცი, პერეირა, კიმპემბე, ბაკერი - ვერატი, მარკინიოსი, ერერა - დი მარია, მბაპე, ნეიმარი
ტრავმები: ბერნატი, დრაქსლერი, კერერი, იკარდი, სარაბია

კომენტარები

ბოლო ამბები