- ლაშა გუჯეჯიანი პროექტ 2020-ის ერთ-ერთი ავტორი იყო
- ის ახალგაზრდულ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზეც მუშაობდა
- ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი 6 მედლით დაასრულეს
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ლაშა გუჯეჯიანი გაწვრთნის. მან ამ პოსტზე ნოდარ მეტრეველი ჩაანაცვლა. გუჯეჯიანი ბოლო პერიოდში რამდენიმე წარმატებული საქმით გამოირჩა. ის პროექტ 2020-ის ერთ-ერთი ავტორია, რომლის შემდეგაც ასპარეზზე ისეთი ნიჭიერი ძიუდოისტები გამოჩნდნენ, როგორებიც ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი და გელა ზაალიშვილი არიან.
გარდა ამისა, გუჯეჯიანი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტზეც მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ გუჯეჯიანი ეროვნულ ნაკრებს 8-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. მან 2012 წელს ძიუდოისტის კარიერა დაასრულა და ნაკრებიდან წავიდა. გუჯეჯიანი ნაკრებში ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში დაინიშნა. ქართველ მწვრთნელს ძიუდოისტების ოლიმპიადისთვის მომზადება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პრაღაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა. ქართველ ძიუდოისტებს მხოლოდ ფრანგებმა და რუსებმა გაასწრეს, ხოლო ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-2 ადგილზე გავიდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 6 მედლით დაასრულა: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო

კომენტარები