Thumbnail
  • შახტარის მცველი ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს
  • 27 წლის ფეხბურთელმა კლუბის მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მანწილეობა

დავით ხოჭოლავა მადრიდის რეალთან ვერ ითამაშებს. დონეცკის შახტარის ქართველ მცველს ტრავმა აქვს, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრას გამოტოვებს.

შახტარი B ჯგუფში გამოდის, სადაც 4 ქულით მე-3 ადგილზეა. პირველზე გლადბახია 8 ქულით, რომელსაც ერთი ქულით რეალი ჩამორჩება. ჯგუფში ბოლო ადგილს მილანის ინტერი იკავებს (2). უკრაინული გუნდი რეალს კიევში 1-ელ დეკემბერს უმასპინძლებს, ინტერი კი სტუმრად გლადბახს დაუპირისპირდება.

შახტარის ოფიციალური საიტის ცნობით, ხოჭოლავას, კიდევ რამდენიმე ტრავმირებულ თანაგუნდელთან ერთად, გუნდის ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. 

ხოჭოლავამ რეალთან პირველ მატჩში პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა 

დავითი უკრაინაში ტრავმით საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნდა, რომლის შემადგენლობაში ნოემბრის მატჩებში ითამაშა. ქართველი მცველი შახტარს უკრაინის ჩემპიონატის ორ მატჩში და გლადბახთან ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრაში (0:4) ვერ დაეხმარა. 

სამაგიეროდ, ქართველი ფეხბურთელი კლუბის საქველმოქმედო აქციაში ჩაება, რომელიც UEFA Foundation for Children-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ხოჭოლავამ და მისმა თანაგუნდელმა მაქსიმ მალიშევმა დონეცკის ოლქში, პროექტში "მოდი, ითამაშე" ჩართულ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს და მათთან ფეხბურთიც ითამაშეს.

შახტარის ფეხბურთელებს 600 კმ მანძილის დაფარვა და 14-საათიანი მგზავრობა დასჭირდათ

დასანანია, რომ 27 წლის ქართველი მცველი რეალთან კიდევ ერთხელ თამაშის შანსს ხელიდან უშვებს. შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგაში კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი სწორედ რეალთან, მადრიდში ჩაატარა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:2 მოიგო. 

დავით ხოჭოლავა დონეცკის შახტარში მეოთხე სეზონს ატარებს და მასთან ერთად უკრაინის ჩემპიონი 3-ჯერ, 2-ჯერ კი უკრაინის თასის მფლობელი გახდა. მცველს საქართველოს ნაკრებში 26 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 2 საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები