Thumbnail

ბრიტანული Guardian-ის სარაგბო ექსპერტი ბრაიან ბარკროფტი ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს გამოეხმაურა "შემოდგომის ერთა თასზე". მართალია, "ბორჯღალოსნებმა" 10:23 წააგეს, მაგრამ ულამაზესი ლელო გაიტანეს და ბევრის აზრით, კარგადაც წარმოაჩინეს თავი.

ბრაიან ბარკროფტი (გარდიანი): "საქართველომ შთაბეჭდილება მოახდინა. იმის გათვალისწინებით, რომ მათი რესურსები შედარებით მწირია და ვერც სრულყოფილად მოემზადნენ ტურნირისთვის, ქართველები უმატებენ იმ გამოცდილების ხარჯზე, რომელსაც უშუალოდ ტურნირზე იღებენ. 
ახლა ჩვენ გვაქვს ტურნირი 8 ნაკრებით, რატომ არ შეიძლება მოვიწვიოთ საქართველო ექვს ერში? თუნდაც მას სტუმრის სტატუსი მივანიჭოთ. უბრალოდ აუცილებელია, რომ ექვსი ერის ქვეყნები ყველაფერს აკეთებდნენ რაგბის გაფართოებისთვის.

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან, დავუმატოთ ამას შესანიშნავი ლელო - დუბლინში მათთვის კარგი დღე იყო. მატჩის ბოლო მეოთხედი მოულოდნელი სცენარით განვითარდა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არც უპირატესობა ჰქონდა და არც ბურთი, მაინც მუდამ საბრძოლველად იწევდა ირლანდიის წინააღმდეგ. 
თითქოს, ისინი იგებდნენ, ირლანდია კი ცოტა ნირწამხდარი იყო. თითქოს, მასპინძლებმა მთელი ენერგია შეალიეს საქართველოს დამარცხებას.

რაც შეეხება ექვს ერს, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ამბიციები გააჩნია, ირლანდიასთან ის ძლიერი არგუმენტებით გამოჩნდა". 

📺 ირლანდია - საქართველო [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ "შემოდგომის ერთა თასზე" საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში სამივე მატჩი წააგო, თუმცა ირლანდიასთან პირველი ქულები მიითვალა ტურნირზე, ლელოც გაიტანა, გარდასახვაც და საჯარიმოც. მე-7 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ამ უქმეებზე ფიჯის უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ჩატარდება თუ არა ეს მატჩი, რომელიც, წესით, შოტლანდიაში უნდა გაიმართოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები