Thumbnail

'შოკისმომგვრელი გეგმა გვაქვს' - ლაპორტამ ბარსელონას გადარჩენაზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟოან ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტობისთვის იბრძვის
  • მას გეგმა აქვს და ლიონელ მესისთან საუბარს აპირებს

ბარსელონას ყოფილ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას კლუბის სათავეში დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს და 2021 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასაც გეგმავს. 58 წლის ლაპორტამ თავის გეგმებსა და ლიონელ მესიზე ილაპარაკა.

ლაპორტას განცხადებით, მას სურს, რომ ბარსელონას ქომაგებს ბედნიერება დაუბრუნოს, მესის შემთხვევაში კი დარწმუნებულია, რომ არგენტინელს კლუბი უყვარს და მასთან დიალოგი შესაძლებელი იქნება.

ჟოან ლაპორტა: "კლუბის დრამატული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსაყვანად შოკისმომგვრელი გეგმა გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მთელი ბარსელონა გავაერთიანო. გვინდა ეს შრომით, ვნებით და სიყვარულით გავაკეთოთ. ჩვენი გეგმაა ხალხს ბედნიერება დავუბრუნოთ. ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო დაპირება. ეს არის ეთიკური, სამოქალაქო, ზნეობრივი, სოციალური და სოლიდარული ვალდებულება.

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მესის ბარსა უყვარს. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ და ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ მასთან არ მისაუბრია. როდესაც არჩევნები დასრულება, ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ვიქნები და მასთან მაშინ ვილაპარაკებ.

მესის ნამდვილად აქვს შემოთავაზებები და ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მას წინადადებები ყოველთვის ჰქონდა. 2006 წელს, ჩემთან მასიმო მორატი მოვიდა, რომელსაც მისი ინტერში წაყვანა სურდა და 250 მილიონ ევროს იხდიდა. მე მას უარი ვუთხარი. როდესაც დრო მოვა, ჩვენ ვისაუბრებთ, რათა დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში თუ რა არის საუკეთესო ბარსელონასთვის და მისთვის. ვიცი, რომ ის მოგვისმენს".

ლაპორტა და მესი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ

შეგახსენებთ, რომ ჟოან ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო და ესპანურმა გუნდმა მაშინ არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება ლიონელ მესის, მას გუნდის დატოვება გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა, "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი კი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები